საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნების გამო შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.

"სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში. სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები - (ПЗРК) "Игла", საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები - "Тунгуска", საზენიტო საარტილერიო კომპლექსები "Шилка", საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300В, Стрела-10, "Тор" და "Оса". სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული მორიგი ქმედება.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა