პირადი და საზოგადო - დიდი ქართველი მხატვარი ქალის ცხოვრების გზა

პირადი და საზოგადო - დიდი ქართველი მხატვარი ქალის ცხოვრების გზა

დღეს 8 მარტია, ქალთა საერთაშორისო დღე. ვინ იცის, მსოფლიოს რამდენი სახელოვანი ქალბატონი ჰყოლია. მათ შორის, ქართველიც, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბითაც ცობილები ყოფილან. ამჯერად დიდ ქართველ მხატვარს - ელენე ახვლედიანს გავიხსენებთ.

როგორც ამბობენ, თელავში, აპრილში დაბადებულა და იმ დღეს თურმე მაგრად ბარდნიდაო. არადა, აპრილში იშვიათია თოვა და ალბათ ამიტომაც იყო გამორჩეული და თოვლსაც მის შემოქმედებაში დიდი ადგილი ამიტომ ეკავა...

სამხედრო ექიმის შვლი გახლდათ. დიმიტრი ახვლედიანი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თელავში გაუნაწილებიათ, სადაც შემდგომში სამუშაოდ დარჩა. ლაზარეთი გაუხსნია და გაჭირვებულ ხალხს უფასოდ ემსახურებოდა. დიმიტრის ცოლად დიგვაროვანი ქალბატონი ელისაბედ ერისთავი შეურთავს.

ელენეს მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ. უფროსი - ელენე 1898 წელს დაიბადა და დაწყებითი განათლება თელავში წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში მიუღია. მოგვიანებით მათი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოსულა, ყოფილ კლარა ცეტკინის ქუჩაზე.

თბილისში სასწავლებლად ელენე ქალთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს. ძალიან უყვარდა მუსიკა და ეგონათ, მუსიკოსი გამოვიდოდა, მაგრამ მხატვრობამ გაიტაცა და დაწყებითი მხატვრული განათლება სკლიფასოვსკის და ფოგელის სამხატვრო სტუდიაში მიიღო და ხატვრის პედაგოგის კვალიფიკაცია მიენიჭა. ამ საგანს თბილისის დაწყებით სკოლებში ასწალიდა.

სამხატვრო დებიუტი 1919 წელს, ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაზე შედგა, სადაც საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინა. მნახველთა განსაკუთრეული ყურადღება ელენეს ორმა სურათმა: "თელავი"და "თელავში"მიიქცია. მშობლიური კახეთისადმი სიყვარული მის მხატვრულ შემოქმედებას მთელი სიცოცხლე გაჰყვა.

მოგვიანებით სწავლა თბილისში ახლად დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა, პროფესორ გიგო გაბაშვილის კლასში. მომხიბლავ ელენეს უამრავი თაყვანისმცემელი სთხოვდა ხელს. 1921 წელს კი ცოლად აგრონომ აპოლონ კაკაბაძეს გაჰყვა. პომპეზური ქორწილიც გადაიხადეს. ირინა კალანდაძე მათზე ასე წერდა: "მეუღლე აპოლონ კაკაბაძე არაჩვეულებრივი კაცი იყო და ძალიან უყვარდა ელენე. თუმცა იგი ძალიან ეჭვიანობდა. ეჭვიანობდა ყველაფერზე. სწორედ ეს გახლდათ მათი გაყრის მიზეზი". აკადემიაში სწავლისას ელენე საზღვარგარეთ მიავლინეს ჯერ იტალიაში, შემდეგ კი სწავლა საფრანგეთში, პარიზის კოლაროსის აკადემიაში განაგრძო. პარიზში გატარებული წლები მისთვის ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდად იქცა. პარიზის სურათებთან ერთად, საქართველოდან წაღებული ჩანახატების მიხედვით, მხატვარი თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით მიძღვნილ პეიზაჟებს ქმნიდა: "ძველი თბილისი"(1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), "კახეთი-ზამთარი"(1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), "ძველი თბილისი"(1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), "თელავი"(1927, კერძო კუთვნილება, თბილისი).

პარიზში ცხოვრების პერიოდში მონაწილეობდა გამოფენებში. ერთ-ერთ ასეთ გამოფენაზე "შემოდგომის სალონი" (1924 წელი), პიკასომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მის ტილოს - "კახეთი, ზამთარი" და ყიდვა მოისურვა, რაზეც ახვლედიანმა უპასუხა: "ეს ნამუშევარი მეც ძალიან მომწონს და არასოდეს გავყიდი". ამ შემთხვევის შემდეგ, პაბლომ თავისი ავტოლიტოგრაფიც აჩუქა და მათი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა.

პარიზში ყოფნისას ქართველი მხატვრის შემოქმედებამ ფრანგი კრიტიკოსების ყურადღებაც მიიპყრო. ამას მოწმობს რეცენზიები, რომელიც ფრანგულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.

პარიზის კაფე "როტონდაში", ბოჰემურ ხელოვანთა თავშეყრის ადგილას, ელენეს ყურადღება ერთი ქალბატონის იისფერმა თვალებმა და მისმა არაჩვეულებრივმა გამოხედვამ მიიპყრო. მას მერე მუდამ ოცნებობდა, რომ კიდევ ენახა ის თვალები. შემდეგ, როდესაც ფილმი "ქალი კამელიებით" ნახა, აღმოჩნდა, რომ ეს უცნობი ცნობილი კინომსახიობი - გრეტა გარბო იყო. ელენეს არ უყვარდა კინო, მაგრამ გრეტა გარბოსადმი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ თუ სადმე გადიოდა "ქალი კამელიებით," აუცილებლად წავიდოდა. ერთხელ დაითვალა და ფილმი 118-ჯერ ჰქონდა ნანახი. 

ელენე ახვლედიანის ნამუშევრები ექსპონირებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვეიცარიაში.… მხატვარმა მიწვევა მიიღო ჰოლანდიიდანაც მისი ნამუშევრების ექსპონირების თაობაზე, თუმცა ეს გამოფენა ვეღარ მოეწყო, რადგან საქართველოდან დედის გარდაცვალების შესახებ ცნობა მოუვიდა. 1927 წელს ელენე საფრანგეთიდან დაბრუნდა, სადაც შემდგომში აღარც წასულა.

მერე გამოფენებს აქ აწყობდა, სადაც ქართველი საზოგადოება საფრანგეთიდან ჩამოტანილ ნამუშევრებს ეცნობოდა.

ელენე ახვლედიანის გამოფენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ რუსეთიდან ახლადდაბრუნებულმა კოტე მარჯანიშვილმა გამოფენის ხილვის შემდეგ, თეატრში მიიწვია, სადაც მთელი ცხოვრება მუშაობა არ შუწყვეტია. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე უკრაინასა და რუსეთში. მას არ დაკლებია იმ პერიოდში არსებული არც ერთი ჯილდო.

1975 წელს საბჭოთა კავშირის ფინანსთა სამინისტროში მისი ხელმძღვანელობით ქალთა სურათების გამოფენა გაიმართა. 28 დეკემბერს გამოფენის შემდეგ გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ელენე ახვლედიანი ცუდად გახდა და დასრულდა კიდეც მისი სიოცოცხლე. გარდაცვალების შემდეგ სახელოსნო, რომელშიც მხატვარმა ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა, სახლ-მუზეუმად იქცა...

მომზადა ლალი ფაციამ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია