"უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებულია. მხარეები მეტ-ნაკლებად იცავენ სამშვიდობო შეთანხმებას და უკრაინის სამთავრობო ჯარების მხარდამხარ მებრძოლ ქართველთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა, ომის განახლების შემთხვევაში, ისინი კვლავ გეგმავენ უკრაინაში ჩასვლას. რა მდგომარეობაა რეალურად დონბასში და რა პირობებში უწევთ ბრძოლა ქართველ მოხალისეებს - ამის შესახებ "რეზონანსს" უკრაინაში მოქმედი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ესაუბრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით - "რამდენს იხდიან პრორუსი მეამბოხეები ერთი ქართველის მოკვლაში / "ამ ცნობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი არ გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ზომები მივიღეთ".
"ქართული ლეგიონი 2014 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც დონბასში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. მიზანი, რა თქმა უნდა, უკრაინის მხარდაჭერა იყო. ამ ეტაპზე მისი პირადი შემადგენლობის ზუსტი რაოდენობის დასახელებისაგან თავს შევიკავებ. ის მცირერიცხოვანია, მაგრამ დაკომპლექტებულია გამოცდილი მებრძოლებით, რომლებიც თავის მოვალეობას კარგად ასრულებენ", - აცხადებს მამუკა მამულაშვილი.
"ამ ეტაპზე კონფლიქტი არააქტიურ ფაზაშია, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები სრულად შეჩერებული არ არის. ადგილ-ადგილ ხდება სამთავრობო ჯარების პოზიციების ნაღმმტყორცნებით დაბომბვა, სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების გადმოსროლა და ა.შ. მოწინააღმდეგე სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ზედაპირულად ასრულებს. ტექნიკის ნაწილს მარხავენ, ან სპეციალურ სამალავებში მალავენ. ეუთო-ს საერთაშორისო დამკვირვებლებს მუშაობაში ხელს უშლიან და მონიტორინგის სრულფასოვანი განხორციელების საშუალებას არ აძლევენ. რაც შეეხება ქართველ მოხალისეებს, დიახ, ისინი ამ ეტაპზე კვლავ რჩებიან კონფლიქტის ზონაში. ნაწილი, მათ შორის მეც, ჯერჯერობით საქართველოში დავბრუნდით, თუმცა, თუ კონფლიქტი კვლავ განახლდა, რაც მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან, ჩვენ უკრაინაში დავბრუნდებით", - აღნიშნავს რესპონდენტი.
"გამომდინარე იქიდან, რომ რუსულ ჯარსა და სპეცსამსახურებს დიდი პროგრესი არ განუცდიათ, ამ ორ კონფლიქტს შორის ძალიან ბევრი მსგავსებაა. მოსკოვი აქაც ცრუ ხელშეკრულებების გაფორმებით ცდილობს დროის მოგებასა და ძალების მოკრებას, რათა გადამწყვეტი იერიში წამოიწყოს. ზუსტად ასე იყო აფხაზეთშიც, როდესაც რუსეთმა სამშვიდობო ხელშეკრულებით ქართველებს გააყვანინა ტექნიკა, სეპარატისტებს კი - არა. შედეგად, დაიკარგა სოხუმი. ამასთან, აქაც ე.წ. მეამბოხეები სარგებლობენ რუსეთის სრული მხარდაჭერით", - განმარტავს მამუკა მამულაშვილი.
"სეპარატისტები რუსეთიდან იღებენ მძიმე ტექნიკას, საარტილერიო დანადგარებს, საბრძოლო მასალებს, იარაღს და რაც მთავარია, ცოცხალ ძალას. ესენი არიან ეთნიკურად რუსები, რუსეთის არმიის მოქმედი ან ყოფილი ჯარისკაცები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. ისინი მეამბოხეების მხარეს იბრძვიან. ეს ფაქტორები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სეპარატისტთა სამხედრო წარმატებებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რაც შეეხება იმ ქართველებს, ვინც სეპარატისტთა მხარეს იბრძვიან, მე მათ ქართველებად ვერ აღვიქვამ. ისინი იქ უკრაინის სამთავრობო ჯარებს ებრძვიან და ამაში გასამრჯელოსაც იღებენ. რამდენადაც ვიცი, საბრძოლო მოქმედებებისას ორი მათგანი დაიღუპა კიდეც. მათთან არანაირი შეხება არ გვქონია. ერთ-ერთი ქართველი ივნისში დონეცკში უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. მისი შემდეგი ბედი ჩემთვის უცნობია. ასეთ ხალხს უშიშროებას აბარებენ და იქ ხდება მათი დაკითხვა", - ამბობს მამუკა მამულაშვილი.
"დიახ, გავრცელდა ცნობები, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა ქართველი მოხალისეების ლიკვიდაციაზე ფულადი ჯილდო დააწესეს. ამ ცნობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტი არ გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ზომები მივიღეთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დეტალური ინფორმაცია ჩვენი დისლოკაციის ადგილზე, აქტივობასა თუ რაოდენობაზე არ გავასაჯაროოთ", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - როგორ გგონიათ, რამდენად რეალურია საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე და დაბრუნდებით თუ არა იქ ამ შემთხვევაში? - პასუხობს:
"რა თქმა უნდა, ამის ალბათობა დიდია. ეს სახელმწიფო არ ცნობს არანაირ ხელშეკრულებასა თუ წესს. გამორიცხული არაფერია. თუ კონფლიქტი გაღვივდა, დავბრუნდებით იქ. ამასთან, უკრაინულ მხარეს დღეს სჭირდება სამხედრო ინსტრუქტორები. საქართველოს აქვს ამის რესურსი. ჩვენი არმიის ბევრი ყოფილი სამხედრო პირი, რომელსაც საკმაოდ მდიდარი ცოდნა და გამოცდილება აქვს, მზად არის იქ წასასვლელად".