საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას "არამეგობრულს" უწოდებს. "ორიოდე გონივრული სიტყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის არაკვალიფიციურ და გაუაზრებელ განცხადებასთან დაკავშირებით ირანელებისა და ირანის მოქალაქეების შესახებ: 1992 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, ირანი, რომელსაც სამიათასწლიანი ბრწყინვალე ცივილიზაციის ისტორია აქვს და გამორჩეული ადგილი ეკავა და უკავია მსოფლიოში, ყოველთვის საქართველოს გვერდით იყო. ირანი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, მეგობრული ურთიერთობა დაამყარა, და ბოლო 33 წლის განმავლობაში ყოველგვარი სირთულეებისა და გამოწვევების დროს საქართველოს უჭერდა მხარს.
ისტორიის მანძილზე, ირანელებს, რომლებიც გონიერი და მაღალი კულტურის ხალხია, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კი უწევდათ ცხოვრება, ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის აღმშენებლობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას. ამრიგად, ირანელი ინვესტორებისა და ტურისტებისათვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს მიერ ირანელი მეგობრების ცოდნის, კაპიტალისა და ღირებული სამსახურის დაკარგვად; ამასთან ეს გავლენას ვერ მოახდენს მსოფლიოს ხალხთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, მიუხედავად ზოგიერთების რასისტული და ქსენოფობიური მოსაზრებებისა", - ნათქვამია ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრესის სამსახურის განცხადებაში.
ირანის საელჩოს განცხადების პარალელურად, წულუკიანის განცხადებას ფეისბუქზეც აკრიტიკებენ:
ზურაბ ჭიაბერაშვილი - "ქსენოფობ წულუკიანს მიუთითებენ, რომ ჩინეთიცა და ირანიც უძველესი ცივილიზაციის ქვეყნებია და მათი შეურაცხყოფა არ შეიძლებოდა.
მე კი გეტყვით, რომ არცერთი ქვეყნის და არცერთი ერის შეურაცხყოფა არ შეიძლება (თუ ეს ქვეყანა და ხალხი პირდაპირ საფრთხეს არ გვიქმნის და ჩვენთან საომარ მდგომარეობაში არ იმყოფება) იმის მიუხედავად, როგორია მათი წვლილი საკაცობრიო ცივილიზაციაში, რამხელაა მათი ტერიტორია და/ან მოსახლეობა. ქსენოფობია და რასიზმი, უბრალოდ, დაუშვებელია!"
ირაკლი ვაჭარაძე - ირანის საელჩოდან დარეკეს: ატომური ბომბი თითქმის მზადაა და პირველად თეა წულუკიანის ენაზე გვინდა გამოვცადოთო. მავნებელი ხარ? იყავი. აი ენაზე მაინც ვინ გექაჩებოდა? გადაგვამტერა ირანი. რუსეთის გარდა ამით ვინ რა მოიგო? ახლა კიდევ უფრო იზოლირებულია საქართველო. მე მახსოვს რუსებმა გაზი რომ გაგვითიშეს, წავიდა მიშა და ირანს მოაცემინა იაფად. სპეციალურად გვაქცევენ იზოლაციაში ქოცები თუ უტვინობით მოსდით?
დავით ივერიელი - თეა წულუკიანი - თქვენ ბრძანდებით ქსენოფობი, რასისტი და ტლუ დედაკაცი! კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ თავს შევიკავებ!
კობა სუბელიანი - წულუკიანი ჯერ კიდევ ბევრს მოახერხებს.
თამარა ჩერგოლეიშვილი - "პატივმოყვარეობა აკარგინებს ადამიანს თავმოყვარეობას - ამას მივხვდი. შლეგიანი ჩიბურაშკას მაგალითი დამეხმარა. ოღონდ საკუთარი შეცდომა არ აღიაროს და ტყუილებს ამბობს, კოლეგების ჩაშვებითაა დაკავებული და დიპლომატიურ სკანდალებში გვხვევს (ამჯერად ირანთან). მხოლოდ იმიტომ, რომ ბოდიშის მოხდა არ უნდა მის მიერ ჩადენილი მავნებლობის გამო. ბოდიში რა, შეცდომის აღიარება არ უნდა."
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა 18 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება ეს იყო მასშტაბური რეფორმა და არც ერთი მასშტაბური რეფორმა არ არის უხარვეზო ან უმტკივნეულო ყველასთვის. "ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის. ვინ ვერ არის ბედნიერი?! ვერ არის მაგალითად ბედნიერი ტურიზმის სააგენტო..... 2014 წლის 1-ელ სექტემბერს, როდესაც ეს რეფორმა შევიდა ძალაში, ამან ბოლო 4 თვის განმავლობაში გამოიწვია ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 ათასი ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების", - განაცხადა წულუკიანმა.