თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას განცხადებით, ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღებში უხარისხო საკვები პროდუქტი შედის სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც თემურ თორდინავამ ჟურნალისტებს ანტიკორუფციული კავშირის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, ყველაფერი მინიტორინგისა და კონტროლის ქვეშაა და ყველაფერი წესრიგშია.
"აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა საბავშვო ბაღში, ვიდრე საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით, ხორცპროდუქტები შევა, ვეტერინარულ შემოწმებას გადის, რის შემდეგაც, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია ამ პროდუქტების ხარისხს კიდევ ერთხელ ამოწმებს. ასევე მინდა აღსაზრდელების მშობლებს მივმართო, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი მინიტორინგის და კონტროლის ქვეშაა. თებერვლის თვიდან სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის ყველა საბავშვო ბაგა- ბაღში მონიტორინგს აწარმოებს. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღებში უხარისხო საკვები პროდუქტი შედის არ შეესაბამება სიმართლეს. სააგენტოს ჰყავს მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც მდგომარეობას პერმანენტულად ამოწმებენ. ასე, რომ ამ მიმართულებით, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ყველაფერი წესრიგშია", - აღნიშნა თემურ თორდინავამ.
უფლებადამცველი, ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე, გიორგი ბურჯანაძე ბაღებში უხარისხო ხორცპროდუქტების შეტანის კორუფციულ სქემაზე საუბრობს.
როგორც ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შედეგად, საბავშვო ბაღებში მოწამვლის ფაქტებია დაფიქსირებული.
მისი თქმით, კორუფციულ სქემაში ჩართულები არიან მერიის, ბაღების მართვის სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
"თბილისის მერიის ბაღების მართვის სააგენტო ხელს უწყობს ამ პრობლემის გაღვივებას, საუბარია უხარისხო პროდუქტის შეტანაზე კვების ბლოკში, რაც იწვევს პატარების ჯანრთელობაზე უარყოფით ასახვას. ბევრი მათგანის მშობელი გარკვეული სახის ფინანსურ და მორალურ ზარალს ღებულობს. აქედან გამომდინარე, მერიის მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ კორუფციულ სქემაში არიან გარეული ნაცვლად იმისა, რომ ბავშვმა მიიღოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, ღებულობს 7-ლარიან ხორცს, რითაც წამლავენ ჩვენს პატარებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, კორუფციულ სქემაში ჩარეულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარკვეული ჯგუფიც, რომელსაც აღნიშნულ საკითხებზე ინსპექტირება ევალება.
"ბაგა- ბაღებისთვის თბილისში გამოყოფილია 86 მილიონი, კვების ბლოკზე აქედან 45% მოდის. აქედან 10%-ს თუ კი ე.წ. ატკატის სახით და ფასების ლავირებით, მიიღებენ, წელიწადში 5 მილიონი გამოდის, რაც სოლიდური თანხაა", - განაცხადა გია ბურჯანაძემ.
მისი თქმით, მასალები უკვე მიეწოდა შესაბამის უწყებებს და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ მერიის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა გათავისუფლებაზე განცხადება დაწეროს. ამასთან მისი თქმით, გათავისუფლება მოუწევს ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილს.
უფლებადამცველმა მედიას ბაგა-ბაღიდან ამოღებული ხორციც აჩვენა, რომელიც მისი თქმით, უვარგისია.