არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც თელავში, ლეგიონის დასახლებაში ძმები ბოჭორიშვილების მისამართით გასროლა განახორციელა, გიორგი იორამაშვილია. ამის შესახებ მკვლელობის ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება.
მისივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ასაყვანად თელავში რეიდები მიმდინარეობს, კერძოდ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ კონტროლდება რაიონში შესასვლელ-გასასვლელი. ხორციელდება ყველა ავტომობილის ჩხრეკა.
თელავში, ლეგიონის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. ძმებს - ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომელმა ესროლა.
ირაკლი ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ანდრო ბოჭორიშვილი კი დაჭრილია. ის თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, ანდრო ბოჭორიშვილის გარდა დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც შემთხვევის თვითმხილველი იყო. მეზობლების განცხადებით, კონფლიქტი ვალს უკავშირდება.
ყველა ინფორმაცია მკვლელობის შესახებ იხილეთ ტეგზე #მკვლელობა თელავში