რას ჰყვება სამი ახალგაზრდის მკვლელობის თვითმხილველი პოლიციელი

რას ჰყვება სამი ახალგაზრდის მკვლელობის თვითმხილველი პოლიციელი

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სამი პირის მკვლელობაში ბრალდებულის, ადიგენის საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის, დავით კუბლაშვილის საქმეზე, მკვლელობის თვითმხილველმა ადიგენის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა თეიმურაზ მსხვილიძემ ჩვენება მისცა.

იგი 2014 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის ღამეს, დაახლოებით 22:00 საათისთვის, ყარათუბნიდან ადიგენში ბრუნდებოდა. მსხვილიძე სამოქალაქო ფორმითა და საკუთარი მანქანით ყარათუბანში სამსახურებრივ საქმეზე იმყოფებოდა. ვიდრე ადიგენში ჩავიდოდა, გზაზე ოთხი ახალგაზრდა შეხვდა.

"სახეზე ვიცნობდი, ვინც იყვნენ. მანქანის ფარები რომ მივანათე, სამი - წელს ზემოდან შიშველი იყო, ერთი ჩაცმული. მანქანა გავაჩერე, თუმცა, მანამდე თვითონაც ხელი დამიქნიეს, გააჩერეო. რომ მოვიდნენ ფანჯარასთან და დამინახეს, ბოდიშები მიხადეს, სხვა გვეგონეო, ნასვამები იყვნენ, მარიამობა მომილოცეს. ვკითხე, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ. ამ საუბარში ვიყავით, რომ უკან მანქანა მოგვადგა", - იხსენებს მსხვილიძე.

იმის გამო, რომ გზაზე უკან მომავალი მანქანის გასავლელი ადგილი არ იყო, მსხვილიძემ მანქანა დაძრა, რომ მის უკან მდგომს გასცლოდა: "გასაღები რომ გადავატრიალე, სროლის ხმა გავიგონე. ვიდრე მანქანიდან გადმოვიდოდი, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე გასროლის ხმა კიდევ გავიგე".

მანქანიდან გადმოსულ მსხვილიძეს სამი ახალგაზრდა უკვე ძირს დაგდებული დახვდა, მის წინ კი სამონადირეო თოფით, დანითა და ვაზნებით აღჭურვილი დავით კუბლაშვილი იდგა.

"რეესტრის უფროსი იყო და ვიცნობდი. ხელში თოფი ეჭირა და ბიჭების მისამართით ისროდა. ვიყვირე, დათო რას აკეთებ, პოლიციიდან ვარ, თემო მსხვილიძე-მეთქი. მარჯვენა ხელი ლულას მოვკიდე და მარცხენა ხელი კისერზე შემოვხვიე, მაგრამ ვერ მოვერიე, ხელი ისე ძლიერ მომიქნია, რომ ჩემი მანქანის ფარებთან დამაგდო", - ყვება მსხვილიძე.

მას უკვე კუბლაშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო. მხოლოდ ყვიროდა, რომ სროლა შეეჩერებინა: "დათო თოფს არ მაცილებდა. მე ამათ დახოცვას ვაპირებ და ვინც ხელს შემიშლისო, დედის მისამართით იგინებოდა. მომიწოდებდა ადგილი დამეტოვებინა, თორემ მეც მომკლავდა".

მსხვილიძემ ადგილი მართლაც დატოვა. მან ადიგენის რაიონულ სამმართველოში და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, 112-ზე დარეკა. ხუთ წუთში მოსულმა ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მსხვილიძე მანქანაში ჩაისვეს და შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ. პოლიციელებს კუბლაშვილი წელს ზემოთ შიშველი, გზის პირზე მჯდომი დახვდათ.

"დაიჩოქა, ხელები აწია და ყვიროდა, მე მოვკალი ეს ბიჭები, აგერ ვარ, გბარდებითო", - იხსენებს მსხვილიძე.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ