ბათუმში არსებული მშენებარე ქონება აუქციონზე 25 004 626 აშშ დოლარად გაიყიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გაიყიდა ქალაქ ბათუმში, ნინოშვილი/ჟღენტის კვეთაზე მდებარე 4504.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდი №05.21.02.011) ამავე შენობაზე განთავსებული მოძრავი ქონებით (,,მიმოხილვის (სათვალთვალო) ბორბალი" და 740 კვ.მ გარე გამოყენების ლედ-მედია ეკრანი).
მათივე ინფორმაციით, აუქციონზე გამარჯვებულად გამოვლინდა შპს "ბათუმი თაუერი" (ს/კ404483019; კომპანიის დირექტორია მირიან ქათამაძე), რომელიც საპრივატიზაციო ობიექტში 25 004 626 დოლარს გადაიხდის. ქონების საწყისი ღირებულება 25 000 000 დოლარს შეადგენდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღნიშნული თანხა (25 004 626 დოლარი) 18 თვეში დაფაროს გარკვეული გრაფიკის მიხედვით, კერძოდ: აუქციონის დასრულებიდან ოცდაათი კალენდარული დღის ვადაში გადახდილი უნდა იყოს 8 000 000 აშშ დოლარი; შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში გადახდილი უნდა იყოს 15 000 000 აშშ დოლარი; ხელშეკრულების გაფორმებიდან თორმეტი თვის ვადაში გადახდილი უნდა იყოს 20 000 000 აშშ დოლარი; საპრივატიზებო საფასურის დარჩენილი ნაწილი გადახდილი უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან თვრამეტი თვის ვადაში
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია ასევე ვალდებულია საპრივატიზებო ქონების ბაზაზე სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, გასართობი ობიექტები და სხვა) მშენებლობა-რეკონსტრუქციისთვის განახორციელოს 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიცია და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ოცდათექვსმეტი თვის ვადაში შექმნას არანაკლებ 4 ვარსკვლავიანი, მინიმუმ 100 ნომრის მქონე სასტუმრო.