მაყურებელთა თხოვნით 2014 წლის ყველაზე გახმაურებული და პოპულარული პროექტი "მსოფლიო კინომუსიკის შედევრები" 23 და 24 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ბრუნდება!
კინომუსიკის საღამო სწორედ იმ კადრებისა და მუსიკის ერთობლიობაა, რომლებიც ერთხელ ნახვისა თუ მოსმენის შემდეგ ადამიანთა მეხსიერებაში სამუდამოდ კვალს ტოვებს. მსოფლიო კინომუსიკის შედევრების პარალელურად სცენაზე დამონტაჟებული ეკრანის საშუალებით მაყურებელი მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმების ფრაგმენტებსა და ლეგენდარულ კინო-მოღვაწეებს - ჩარლი ჩაპლინს, მარჩელო მასტროიანს, სოფი ლორენს, ანუკ ემეს, ფედერიკო ფელინის ფილმების გმირებს ნახულობს, ხოლო საღამოს მსვლელობისას ნიკოლოზ რაჭველი კინოში მუსიკის დაბადებისა და დიდი ავტორების შესახებ საინტერესო ამბებს მოგვითხრობს.
მაყურებელთა ყურადღებას აგრეთვე იპყრობს ამონარიდები ცნობილი ქართული კინოფილმებიდან: “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “ცისფერი მთები” , “შერეკილები” და სხვა.
თეო ჯორბენაძე, სცენარის ავტორი: "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს წარმოდგენებს ელოდება. ბევრი გვეუბნება, რომ ორივე დღეს აპირებს დასწრებას. რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს მაყურებელს კინომუსიკის საღამოები ასე შეუყვარდა, ალბათ ეს მელოდიები და ის ამბები, რასაც ნიკოლოზ რაჭველი სცენიდან მოგვითხრობს, ყოველ ადამიანს რაღაც თავისას და სასიამოვნოს ახსენებს. ამ პროექტს "მეხსიერების ბარათი" ვუწოდეთ, რადგან სწორედ ის მუსიკალური და დრამატურგიული მასალაა გამოყენებული, რომელსაც ჩვენი მეხსიერება სათუთად ინახავს.
23 და 24 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში "მსოფლიო კინომუსიკის შედევრები" განახლებული სახით დაბრუნდება. მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ახალ საორკესტრო ვერსიებს გვიმზადებს, თუმცა ძირითად ნაწილს მაინც ვერ ველევით და უცვლელად ვტოვებთ. სიმართლე გითხრათ, ჩვენც ძალიან გვენატრება ეს პროექტი, თანაც გვაინტერესებს, რადგან ცოცხალი პროცესია და ყველა ჯერზე წარმოდგენები იქმნება იმ მაყურებელთან ერთად, რომელიც იმ კონკრეტულ საღამოს ესწრება".
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ: www.biletebi.ge