როგორ ჩახოცეს თორაძეების ოჯახი - "სიკვდილის ლეგიონების" წარმოუდგენლად სასტიკი შურისძიება თბილისში

როგორ ჩახოცეს თორაძეების ოჯახი - "სიკვდილის ლეგიონების" წარმოუდგენლად სასტიკი შურისძიება თბილისში

ტრაგედია, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, 1992 წლის 3 მარტს მოხდა. საქმე დღემდე გამოუძიებელია. არაოფიციალური ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა თორაძეების ოჯახი ამოწყვიტეს.

თორაძეები ზემო ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაძე ცხოვრობდნენ. ოჯახს 10 შვილი ჰყავდა, 5 გოგო და 5 ვაჟი. ძმები თორაძეები უბანში გავლენიან ბიჭებად ითვლებოდნენ. სწორედ მაშინ იკრებდა ძალებს დაჯგუფება, რომელსაც მოგვიანებით "ბოროტები" უწოდეს და რომლებიც "მხედრიონის" შემადგენლობაში შედიოდნენ. ამბობენ, რომ მხედრიონს სურდა თორაძეების გადაბირება, მაგრამ მათთვის "მხედრიონის" კანონები მიუღებელი იყო.

დაპირისპირება 1991 წელს დაიწყო. ლაშა თორაძემ უცნობ ახალგაზრდას, ქუჩაში ტყავის ქურთუკი წაართვა. დაზარალებული "ბოროტების" ახლობელი აღმოჩნდა. "ბოროტები" მოპარულის დაბრუნებას ითხოვდნენ, თორაძეები კი ქურთუკს არ აბრუნებდნენ. დაპირისპირებულთა შერიგების მიზნით საქმეში კანონიერი ქურდი, პაატა ჩლაიძე ჩაერია. თორაძეები "ბოროტებთან" შერიგებას დასთანხმდნენ. ამ მიზნით ძმები ზაზა, ლაშა, იმედო და მათი მეგობარი ზვიად გელოვანი "ბოროტებთან" შესახვედრად წავიდნენ. ისინი ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ, შემდეგ კი საქმის გასარჩევად ქალაქგარეთ (სავარაუდოდ, წყნეთში ან კოჯორში) წავიდნენ. თორაძეები ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიიყვანეს. სადარბაზოში მათ ოცდაათამდე შეიარაღებული მხედრიონელი დახვდათ. თორაძეები უიარაღოდ იყვნენ. სადარბაზოში შესულ ძმებს და მათ მეგობარს დამხვდურებმა ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად სამივე ძმა და მათი მეგობარი დაიჭრნენ. დაჭრილები "მხედრიონელებმა" ადგილზევე დატოვეს.

"მხედრიონის" და თორაძეების დაპირისპირება გამწვავდა. 1992 წლის თებერვალში, ძმებს და მათ მეგობარს ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნეს. თორაძეების მეგობარი ადგილზე დაიღუპა. საქმეში ისევ პაატა ჩლაიძე ჩაერია, მაგრამ ძმები მას აღარ ენდნენ. ჩლაიძემ ბიჭებს უთხრა, თუ "ბოროტებს" არ შეურიგდებით, მათ მხარეს გადავალო...

დაჭრილი ძმები სახლში მკურნალობდნენ. 1992 წლის 3 მარტს, დილით, დედ-მამამ, ზაურ თორაძემ და იზო ქურხული-თორაძემ, ლაშა ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. არსებობს ინფორმაცია, რომ სახლიდან გასვლამდე მათ ტელეფონით რამდენჯერმე დაუკავშირდა ლაშას მკურნალი ექიმი, რომელთანაც დაჭრილი ლაშა გადახვევებზე დადიოდა და სასწრაფოდ მისვლა სთხოვა. დაახლოებით 4 საათი იყო. თორაძეები ექიმისგან სახლში კუთვნილი თეთრი ფერის "ვაზ 21-07" მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ. ვერის სასაფლაოს მისადგომებთან მათ ცეცხლი გაუხსნეს. თორაძეების ოჯახის სამივე წევრი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველები ყვებიან, რომ იზო თორაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თავდამსხმელებმა მას იარაღის კონდახი ჩაარტყეს და მოკლეს.

ამ ტრაგედიის შემდეგ ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ზაურ თორაძის მანქანას ცეცხლი პოლიციამ გაუხსნა, რადგანაც იგი არ დაემორჩილა სამართალდამცავებს. სამართალდამცავები იმასაც ამტკიცებდნენ, თითქოს თორაძეების მშობლები შეიარაღებულები იყვნენ, მამა - ავტომატით, დედა კი - "ლიმონკით".

თვითმხილველთა თქმით, 3 მარტს ვერის სასაფლაოსთან პოლიცია არ პატრულირებდა და, ცხადია, ვერის საძმოს წევრები სასაფლაოს კუთხესთან, სწორედ თორაძეების ავტომანქანას ელოდნენ. მანქანას 300-მდე ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. თორაძეების სახლის "ჩხრეკისას" მათი ბინიდან არანაირი იარაღი არ ამოუღიათ. მკვლელობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მათ სახლს ალყა შემოარტყეს მძიმე ტექნიკით. თორაძეებმა თავი მეზობელს შეაფარეს. "მხედრიონის" წევრები სახლში შეცვივდნენ და ძვირფასი ნივთების შეგროვება დაიწყეს. თავად თორაძეები თავს მეზობლის სახლს აფარებდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის კომენდანტი გელა ლანჩავა, რომელიც საკუთარი თვალით უყურებდა, როგორ ძარცვავდნენ თორაძეების ოჯახს მხედრიონელები. მეზობლის კარი თავად თორაძეებმა გააღეს. ისინი მეზობლის სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ. სახლში "მხედრიონის" ფორმიანი ორი შეიარაღებული პიროვნება შეიჭრა. ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე - უნიღბოდ. მათ ავტომატის ჯერით დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები. ამ სასტიკ მკვლელობას შეესწრნენ მეზობლის ოჯახის წევრები და თორაძეების მცირეწლოვანი დები. სროლისას ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა თავად ბინის პატრონიც.

ტრაგედიის დღეს თორაძეების უფროსი შვილი, ზაზა თორაძე, სახლში არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ოჯახის ამოწყვეტის მიუხედავად დაპირისპირება ამით არ დასრულებულა. ამ ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 23 თებერვალს, 17 წლის პაატა თორაძე გაუჩინარდა. ისინი პოლიციამ გააჩერა. თორაძე და მისი მეგობარი პოლიციელებმა თავიანთ მანქანაში გადასვეს და კვალი დაიკარგა. უპატრონოდ დარჩენილმა დებმა კი მონასტერს შეაფარეს თავი.

მხედრიონელები ემუქრებოდნენ თორაძეების ახლობლებს, ხალხს უკრძალავდნენ პანაშვიდზე მისვლას, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამიტომ პანაშვიდზე მხოლოდ 20 კაცი იმყოფებოდა. საქმე დღემდე გამოუძიებელია და ტრაგედიის გამო არავინ დასჯილა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

რამდენით გაიზარდა მეორადი ტანსაცმლის ფასი საქართველოში?

დღეს 635 000 ლარზე მეტი თამაშდება!

"გამოცდის წინა დღეს სიცხის ქონის შემთხვევაში, PCR ტესტის გაკეთება მოუწევთ, რომელიც უფასო იქნება" - ყველაფერი, რაც წელს აბიტურიენტებმა უნდა იცოდნენ