გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის საქმეზე, შესაძლოა, ხვალ ბრალი დაუმძიმონ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აცნობა, პროკურატურა დილიდან აპირებს ე.წ. მატროსოვის ციხეში მისვლას, ბრალდებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზნით, რაც სავარაუდოდ საბრალდებო მუხლების უფრო მძიმე მუხლით შეცვლას ისახავს მიზნად.
ბასილაიას თქმით, 7 ნოემბრის საქმეზე დღეს, ბრალი უზუსტდება თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსაც. "ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ გიგი უგულავას სხვა საქმეზე, პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურება და სურთ მისთვის 7 ნოემბრის საქმეზე, კოსტიტუციის დარღვევით, ხელახალი პატიმრობა მოითხოვონ", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატის განმარტებით, 7 ნოემბრის საქმე ჯერ წინასასამართლო სხდომამდე არ მისულა და ბრალის დაზუსტების შემდეგ, რომლის დროსაც უკვე წარდგენილი მუხლები შეიძლება დამძიმდეს, პროკურატურა სავარაუდოდ მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით.
7 ნოემბრის საქმეზე რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული. დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს, რომლებიც როგორც ცნობილია, საქართველოში არ იმყოფებიან, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ ბრალად, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
მათთან ერთად იგივე მუხლით, ბრალდებულები არიან პატიმრობაში მყოფი დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ამ დრომდე, პროკურატურას 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე უგულავასა და მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.