რაც მე ადამიანური ისტორიები მომისმენია, მეგონა, აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რამეს გავიგონებ, გაოგნებული დიდხანს ვფიქრობ, ღირს თუ არა ასეთი ამბების გასაჯაროება - ისედაც ღალატით, ტკივილითა და ორგულობით დამძიმებულ დროში.
რატომ უნდა დავუმატო ადამიანებს ეჭვისა და შიშის საბაბი, რომ შენი ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი შეიძლება, მოღალატე აღმოჩნდეს?!
...ოცდაათი წლის ნინო მარტოხელა დედაა და ცერებრალური დამბლით დაავადებულ 12 წლის საბას ზრდის. ბავშვს დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმა აქვს და როცა დედა სამუშაოდ მიდის, ფანჯარასთან ეტლში მჯდომი მოთმინებით ელოდება მის დაბრუნებას.
საბედნიეროდ, ბინა აქვთ. ნინო დასუფთავების სამსახურში მუშაობს და იმდენს ახერხებს თავისი ხელფასით, რომელსაც საბას პენსიის თანხაც ემატება, რომ შვილს არც საკვები მოაკლოს, არც სითბო და არც - წამალი. ბევრი ურჩევდა შვილის მიტოვებას - მარტო ვერ მოუვლიო, მაგრამ არავისი გაიგონა:
- ისედაც დიდი ცოდვა მადევს კისერსა და სულზეც, რომ ახალი არ დავამატო და შვილიც ისევე არ გავიმეტო სასიკვდილოდ, როგორაც დედა შევიწირე. უნდა ვაღიარო, ის მე დავღუპე და გავწირე. მართალია, ბავშვური სიჯიუტითა და სისულელით, მაგრამ მაინც - უნამუსობით. არადა, ნეტავი იცოდეთ, რა კარგი დედა მყავდა. მამაჩემი ძალიან უყვარდა. ოცი წლისაც არ იყო, ცოლად რომ გაჰყოლია. დედამთილს თურმე, სხვა გოგო უნდოდა რძლად ერთადერთი შვილისთვის და სიახლოვეს არ გაიკარა, სახლშიც არ შეუშვა თავიდან, მაგრამ მერე მამა ავტოავარიაში დაიღუპა და რადგან სხვა აღარავინ ჰყავდა, ფეხმძიმე დედას სთხოვა, ეპატიებინა ყველაფერი და შვილიშვილი ანუ ჩემი თავი არ წაერთმია... დედას სხვა გზა არც ჰქონდა, რადგან მშობლები და დაოჯახებული ძმა აშკარად არ შეხვედრიან დიდი სიხარულით ფეხმძიმე ქალის უკან მიბრუნებას. მამას დედას კი, რომელიც ცნობილი გინეკოლოგი იყო ქალაქში, ოჯახიც კარგი ჰქონდა და შემოსავალიც. სამწუხაროდ, დიდხანს არ უცოცხლია. ძალიან განიცდიდა ერთადერთი შვილის დაკარგვას, გულმა ვეღარ გაუძლო ნერვიულობას - ინფარქტი დაემართა, ვეღარ უშველეს; მაშინ სამი წლის ვიყავი. დედამ, რომელსაც მანამდე არასოდეს უმუშავია, ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემთვის არაფერი მოეკლო და სხვა თანატოლებივით ყველაფერი მქონოდა. რამდენიმე ადგილას მუშაობდა დამლაგებლად. ჰოდა, საღამოს ფეხზე დგომა უჭირდა, სკამზე ჩამომჯდარს ეძინებოდა. ვიდრე პატარა ვიყავი, ყველგან თან დავყავდი, მაგრამ როცა წამოვიზარდე, დავირცხვინე - არ მინდოდა თანატოლებს გაეგოთ, რომ მოსამსახურის შვილი ვიყავი. თანაც, ისეთ სკოლაში მიმიყვანა დედამ, სადაც ბევრი ცნობილი ოჯახის შვილი სწავლობდა...
გარდატეხის ასაკმა მთლად გადამრია: დედას უმაქნისსა და სამარცხვინოს ვეძახდი, ჩემ გვერდით გავლას ვუკრძალავდი და მეგობრებს ისე ვაცნობდი, როგორც ოჯახის მოსამსახურეს. ვიტყუებოდი, რომ ნამდვილი დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული. დედა ყველაფერს ითმენდა და ყველა სურვილს მისრულებდა. მერე, რადგან მოთხოვნები გამეზარდა, ის კი თავისი ხელფასით ვეღარ ახერხებდა ჩემი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ჩვენი დიდი ბინის ორი ოთახის გაქირავება გადაწყვიტა. რაიონიდან ჩამოსული ორი მამაკაცი ჩავისახლეთ, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ. მამისტოლები იყვნენ და თავიდან არც კი ვესალმებოდი მათ, მაგრამ მერე შევამჩნიე, ერთ-ერთი მათგანი დედას განსაკუთრებით დაუმეგობრდა და დავინტერესი, რა ხდებოდა. დედამ თავიდან ყველაფერი იუარა, მაგრამ მერე გამომიტყდა, რომ თენგო შეუყვარდა და მასზე გათხოვებას აპირებდა...
სულ დებილი და გამოთაყვანებული ვეძახე თენგოს თანდასწრებით, - როგორ ვერ ხვდები, რომ ბინის გამო უნდიხარ, თორემ შენ ვინ შეგიყვარებდა-მეთქი?..
მაინც დაქორწინდნენ. თითქოს ბედნიერებიც იყვნენ, მაგრამ ამან მთლად გადამრია და აუტანლად ვიქცეოდი, დედა კი ყველაფერს მპატიობდა. იმის ნაცვლად, მისი ბედნიერებით მეც გამეხარა, ყველაზე საშინელი რამ მოვიფიქრე - თენგოს შევუჩნდი და გასაქანი არ მივეცი, ყველანაირად ვაგრძნობინებდი, რომ ჩემთვის საინტერესო იყო, როგორც მამაკაცი. თავიდან არ მიკარებდა, მაგრამ თექვსმეტი წლის გოგო ისე უტიფრად ვთავაზობდი თავსა და სხეულს, ვერ მოერია ცდუნებას და ერთხელაც, როცა დედა სამუშაოდ იყო, ჩვენ შორის ყველაფერი მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ თენგო მომწონდა, მაგრამ რადგან ჩემი პირველი მამაკაცი იყო, მაინც დამოკიდებული გავხდი მასზე და დედა შევიძულე, მეტოქედ მივიჩნევდი. როცა საძინებლის კარს გაიხურავდნენ, ისტერიკა მეწყებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თენგო იფიცებდა: რაც ერთად ვართ, დედაშენთან ინტიმური კავშირი აღარ მქონიაო...
არ ვიცი, რით და როგორ გაგრძელდებოდა ეს ამბავი, ერთხელ დედა მოულოდნელად რომ არ დაბრუნებულიყო შინ და თავზე არ დაგვდგომოდა...
არასოდეს დამავიწყდება მისი გაოგნებული სახე. უხმოდ გავიდა ოთახიდან და მას შემდეგ ცოცხალი აღარც მინახავს - თავი დაიხრჩო; მდინარეში გადამხტარა სასოწარკვეთილი და რამდენიმე დღის შემდეგ გამორიყა ტალღებმა მისი ცხედარი. პროზექტურაში გვითხრეს, - ოთხი თვის ფეხმძიმე იყოო. გამოდის, მარტო დედის კი არა, ჩემი დაუბადებელი ძმის თუ დის სიცოცხლეც ჩემს სინდისზეა...