"პუტინის სიკვდილი, ამ ეტაპზე, არც თუ ისე სასურველია" - ნიკა რურუა ქართული საზოგადოების ემოციებზე

"პუტინის სიკვდილი, ამ ეტაპზე, არც თუ ისე სასურველია" - ნიკა რურუა ქართული საზოგადოების ემოციებზე

საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა რურუა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაუჩინარების შემდეგ, ქართული საზოგადოების რეაქციებს ვრცელი წერილით პასუხობს.

"ერთი ნათელი მაგალითი, რატომაა ემოციურობა შეცდომების დაშვების წინაპირობა.

შევეცდები ავხსნა: უკვე მესამე დღეა ქართულ (და არა მარტო ქართულ) სეგმენტში სოციალური ქსელებისა მიდის აღტყინებული კამპანია, სიხარულით სავსე იმ გრძნობის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტი (და საქართველოსა და თავისუფალი სამყაროს მტერი) პუტინი შესაძლოა მოკვდა.

სიხარული მტრის სიკვდილისა (თუნდაც სავარაუდოსი) გამო გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში გაუმართლებელია, რადგან პუტინის სიკვდილი ამ ეტაპზე, თუ კარგად დავაკვირდებით, შესახლოა აღმოვაჩინოთ, რომ არც თუ ისე სასურველია.

რატომ? იმიტომ, რომ ამ ადამიანის სიკვდილით არ დამარცხდება ის სისტემა, ანუ პუტინიზმი, რომელიც მან შექმნა და ეს სისტემა მისთვის, ანუ პუტინიზმისთვის მისაღებ ახალ კანდიდატს მოიყვანს. მაგრამ ეს არაა ყველაფერი.

ყველაზე უარესი ისაა, რომ დასავლეთი ამ ახალ პრეზიდენტს მოუხსნის ყველანაირ წნეხს, სანქციები იქნება ეს თუ სხვა რამ, და გამოაცხადებს, რომ ახალ ლიდერთან პარტნიორობას აპირებს; სხვა სიტყვებით, პუტინის შემცვლელს ახალი ნდობის კრედიტს მისცემს მსოფლიო, და ეს ახალი პრეზიდენტიც ტკბილად, აუღელვებლად გაიმტკიცებს საკუთარ პოზიციებს და ნელ-ნელა ახალ პუტინად, ანუ ახალ პრობლემად გადაიქცევა.

ამ დროს თავისუფალი სამყარო, ჩვენი ჩათვლით, კიდევ ერთხელ პირშიჩალაგამოვლებული დარჩება და წლებისა და წლების შემდგომ თუ გამოაცხადებს, რომ ახალი პრეზიდენტიც თურმე არადემოკრატია. ამასობაში ჩვენთვის და სხვა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის არაფერი შეიცვლება და თუ შეიცვლება, მხოლოდ უარესისკენ.

ასე რომ, პუტინის სიკვდილი კი არ გვაწყობს, არამედ პუტინის დამარცხება გვჭირდება და თან არა მარტო პუტინის, როგორც პიროვნების, არამედ პუტინიზმის, როგორც სისტემის.

ამდენად, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს, უნდა ვინატროთ, რომ ის ცოცხალია, და რომ მსოფლიომ კიდევ მრავალი წელი არ დაკარგოს რუსეთის ახალი პრეზიდენტის, ანუ პუტინის შემცვლელის ნაძირლობაში დასარწმუნებლად.

დღეს მეფე შიშველია, და როგორც იქნა ეს დაინახა ყველამ. სჯობს გაშიშვლებული მეფე დამარცხდეს, ვიდრე ახალი, ჩაცმულ-დახურული მოვიდეს და სანამ ისიც გაშიშვლდება, ჩვენ და ჩვენნაირები დაიქცნენ.

ეს ნამდვილად ასეა.

და ზემოთთქმული კიდევ ერთი ნათელი მტკიცებაა იმისა, რომ იმპულსური სიხარული (როგორც მწუხარება) არც თუ ისე სანდო და მართებული რამეა.

P.S. და თუ პუტინი "გადადგა", ან "ავად გახდა და ძალაუფლება დატოვა", ან რამენაირად "წავიდა", უნდა ვიცოდეთ, რომ ეს FSB-ს სპეცოპერაციაა, რომ პუტინიზმი და არადემოკრატიული სისტემა რუსეთში გადარჩეს", - წერს რურუა.

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა