"მედიასივრცეს ახალი ანალიტიკოსებით მოვამარაგებთ" - ბიძინა ივანიშვილი "კვირის 20/30"-ის მიზნებსა და სხვა დეტალებზე

"მედიასივრცეს ახალი ანალიტიკოსებით მოვამარაგებთ" - ბიძინა ივანიშვილი "კვირის 20/30"-ის მიზნებსა და სხვა დეტალებზე

მედიასივრცეს ახალი ანალიტიკოსებით მოვამარაგებთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" სტუმრობისას განაცხადა.

"ყოველდღიური ანალიზის დროსაც კი, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათი გრძელდება, აქცენტების გაკეთებაში მინიმუმ 15 ადამიანი მონაწილეობს და შიგნითვე იფილტრება ინფორმაცია და აქცენტები. ანალიზი კეთდება ისეთი, რომ არ გამოგვეპაროს და რომელიმე პარტიის ან კერძო ინტერესები არ იქნას გამოხატული ჩვენს აქცენტებში. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სწორად გაკეთდეს აქცენტები და ყოველთვის იგულისხმებოდეს მთელი საზოგადოების ინტერესი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოება 20/30 შეეცდება კიდევ მოიზიდოს ადამიანები. ორმა მათგანმა - ეკონომისტმა ნოდარ ჭიჭინაძემ და ჟურნალიუსტმა ქეთი ჩოხელმა დღეს 20/30-ის პირველ გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა.

ივანიშვილის თქმით, მათი გაკეთებული ანალიზი შეიძლება, კრიტიკას დაექვემდებაროს, რასაც პასუხი გაეცემა, თუმცა "შეცდომები, ალბათ, იშვიათი იქნება".

"შეცდომების ალბათობა დაბალი იქნება, იმდენი ადამიანი მონაწილეობს ანალიზის გაფილტვრაში. თუმცა ეს არ არის 100%-იანი დაზღვევა, რომ ჩვენ შეცდომები არ მოგვივა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ანალიტიკოსი გაჩნდება მედიასივრცეში. ამას დრო დასჭირდება, ვინ ადრე მომწიფდება, ვინ უფრო გვიან მოახერხებს ამას, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ მედიასივრცეს ახალი ანალიტიკოსებით მოვამარაგებთ - 10, 20, 30 შეიძლება იყოს - მე ვფიქრობ, არანაკლებ სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის დაწყება მისთვისაც ძალიან რთული იყო და თავდაპირველად, ხარისხი შესაძლოა საუკეთესო არ იყოს, თუმცა ეტაპობრივად გამოსწორდება.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, საზოგადოება 20/30-ში ამ დროისთვის 60 ადამიანზე მეტია გაერთიანებული.

"პროექტის მიზანია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კვალიფიციური ანალიზი. ამავდროულად ისეთ თემებსაც განვიხილავთ და გავაკეთებთ სწორ აქცენტებს, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყნის განვითარების სტრატეგიის დასალაგებლად. ამისათვის ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი ჯგუფი. 60 კაცზე მეტი შედის დღეს საზოგადოება 20/30-ში, რომელთა რიცხვში ძალიან ბევრი კრეატიული ადამიანია და ჩვენ შევეცდებით, მოსახლეობას რაც შეიძლება მიუკერძოებელი ანალიზი მივაწოდოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მედიასივრცეში დომინირებს "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ბევრ სიცრუეს აწვდის მოსახლეობას, "რუსთავი 2"-ის სახით და სხვა მედიასაშუალებებიც მხარს უბამენ ამას და საზოგადოებას ძალიან უჭირს, სწორად გაიგოს რა ხდება მოსახლეობაში.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას კვალიფციური ანალიზი მივაწოდოთ, რომ მათ კარგად გაიგონ და გაერკვნენ პოლიტიკურ პროცესებში და დავეხმაროთ განვითარებაში, დავუჩქაროთ განვითარება იმ ჩვევების, რაც ჩვენ გვაკლია - ესაა პოლიტიკური გამოცდილება. მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდით საკუთარი ქვეყნის მართვას, ისტორიას არ შეგახსენებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მოსახლეობას "შეჯერებული ანალიზი" მიეწოდება.

მისივე თქმით, ის თითქმის ყოველდღიურად მიიღებს მონაწილეობას პროცესების გაანალიზებაში. "ის დამატებითი ღირებულებები, რაც მე მაქვს (ღირებულებები შეიძლება გადაჭარბებულია), ნდობა კიდევ უფრო გაუიოლებს მათ, რომ სწორად დაინახონ მოვლენები", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი - მედია ხელისუფლების ზეწოლისგან აბსოლუტურად თავისუფალია, თუმცა მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა