ზუგდიდის ცენტრში 62 წლის ქალი გაძარცვეს.
გული მალაზონია ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მუშაობდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ქალბატონი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულს ორი ავტომანქანა აედევნა, რომლებმაც გზა ჩაუკეტეს და იარაღის კონდახით მალაზონიას მანქანის საქარე მინა ჩაამტვირიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა 62 წლის ქალს სახეში მხუთავი გაზი შეასხეს, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. მძარცველებმა ჩანთის წაღება მოახერხეს, რომელშიც დიდი ოდენობით თანხა იდო.
დაზარალებული ამ დროისთვის ზუგდიდს რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. მალაზონია მკურნალობის კურსს რეანიმაციულ განყოფილენაში გადის და მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ძარცვის შემდეგ ბოროტმოქმედებმა კუთვნილი ავტომობილი ინციდენტის ადგილიდან მოშორებით მიატოვეს და მიიმალნენ.