"ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქის მიერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის კიდევ ერთ ფაქტზე საუბრობს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტი იანვარში მოხდა. "გვინდა გაცნობოთ კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა იანვრის თვეში. პატრულის თანამშრომლებმა ნიკა ალიხანაშვილმა და არჩილ დავითულიანმა გააჩერეს ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი. მძღოლთან მიმართებაში არანაირ გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა დანარჩენმა პირებმა ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პატრულის თანამშრომლებს. საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის სხვა დანაყოფების ჩართვა იმისათვის, რომ მათი ეს ძალადობა აღკვეთილიყო. ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი დააკავეს, პატრულის თანამშრომელი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს შესაბამისი ექსპერტიზისთვის. შედეგად მივიღეთ რა?! – რამდენიმე საათში, ე.წ. "პატრონის ზარის" შემდეგ დაკავებული მოძალადე გათავისუფლდა, ხოლო პატრულის თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც შურაცხყოფა მიაყენეს, დაიწყეს გამოძიება, დევნა, საქმის წარმოება. ჩვენი ინფორმაციით, პირდაპირ პროკურატურიდან ითხოვდნენ ამ ადამიანების გათავისუფლებას", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
მისი შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, როგორ ისჯებიან პატრულის თანამშრომლები სახელმწიფო სამსახურისთვის.
"ეს არის სამწუხარო რეალობა. ეს არის გაგრძელება იმის, რასაც ადგილი ჰქონდა წინა თვეებშიც. ამის მიზეზია ის, რომ დავით ცინარიძე დღემდე რჩება თანამდებობაზე, ისე, როგორც ბერიკაშვილი, რომელიც ბორჯომის ინციდენტში მონაწილეობდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მზად ვართ გვერდით დავუდგეთ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პოლიციელს, რომელიც პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას. ეს რეალობა და ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება, იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია პოლიციელი დააჩაგვრინოს კრიმინალს ან მოძალადეს, დიდხანს ვერ იქნება ხელისუფლებაში", - აღნიშნა კუბლაშვილმა.