სასამართლო ხვალ როლანდ ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს

სასამართლო ხვალ როლანდ ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, როლანდ ახალაიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. სხდომა, რომელზეც მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ხვალ, 14:00 საათზეა დანიშნული. პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.

დეპუტატ როლანდ ახალაიას ბრალი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორობის პერიოდთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წარდგენილი. ბრალდების მხარის მტკიცებით, 2009 წლის დეკემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია, შეხვდა მოქალაქე მარინა ესებუას, რომელსაც მის მეუღლესთან, მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოთხოვა თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით, არარსებული "ანაკლიის განვითარების ფონდის" ანგარიშზე ჩაერიცხა 150 000 ლარი, რისთვისაც გადასცა საბანკო რეკვიზიტები, რომელიც რეალურად წარმოადგენდა როლანდ ახალაიას ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია "სანის" საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

პროკურატურის განცხადებით, მარინა ესებუა იძულებული იყო დათანხმებულიყო შემოთავაზებულ პირობას. მან მეორე დღეს, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, 150 000 ლარი შეიტანა როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს "სანის" საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ხსენებული ფირმის კომერციული მიზნებისათვის.

"ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში, როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოსთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი შეეტანათ კვლავ მისი ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას ფირმის შპს "სანის" ანგარიშზე.

2009 წლის 25 დეკემბერს, როლანდ ახალაიას მოთხოვნის შესაბამისად, ბრალდებულების ახლობელმა პირმა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი ჩარიცხა "სანის" საბანკო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ჯარიმის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, საერთო ჯამში 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, რის სანაცვლოდაც ბრალდებულებს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალათ პირობითად. რაც შეეხება შპს "სანის" საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ 60 000 ლარს, იგი არ იქნა ასახული საპროცესო შეთანხმების ოქმში და სრულად იქნა გახარჯული როლანდ ახალაიას ახლობლის ფირმის შპს "სანის" კომერციული მიზნებისთვის", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა.

ამასთან, ბრალდების მხარის მტკიცებით, როლანდ ახალაია მოქმედებდა პირადი დაინტერესებით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. "მან აღნიშნული ქმედებით გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმეზე ამ დროისათვის გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.  ახალაია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლი კი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ