თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ თბილისის საბავშვო ბაღში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის აღმოჩენასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ინფორმაციის მიღებისთანავე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო.
"დღეს დილით, თბილისის, სამგორის რაიონის #121-ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორმა მოგვმართა შეტყობინებით, რომ ბაღში წინა დღეს მიღებულ საკვებ პროდუქტებს შორის, იყო საქონლის ხორცი, რომლის ვიზუალურმა დათვალიერებამ ბაღის შესაბამის თანამშრომელს გაუჩინა ეჭვი, მისი საკვებად ვარგისიანობის შესახებ.
საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ იქნა პრევენციული ზომები, შეიცვალა დღის საკვები რაციონი და საქონლის ხორცი ჩანაცვლდა სხვა პროდუქტით. სააგენტოს მხრიდან მყისიერად მოხდა რეაგირება, გაიგზავნა სურსათის უვნებლობის მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც ადგილზე მოახდინა პროდუქტის ვიზუალური დათვალიერება, აღნიშნულის შესახებ აცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მათთან ერთად განახორციელა საბავშვო ბაღში არსებული ხორცის ლაბორატორიულ შემოწმებაზე გადაგზავნა.
პარალელურად, პრევენციის მიზნით, ბაღების სააგენტოს მიერ, ყველა იმ საბავშვო ბაღში, რომელსაც აღნიშნული მომწოდებელი ,,ფუდ-სერვისი" ამარაგებს, მოხდა წინა დღეს მიღებული ხორც-პროდუქტების ამოღება.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, გაამკაცრა საბავშვო ბაგა-ბაღების კვების უსაფრთხოების ზომები, რისთვისაც შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც პერმანენტულ მონიტორინგს აწარმოებს ბაღებში და დარღვევის შესაძლო ეჭვის შემთხვევაში, ხდება მყისიერი რეაგირება", -ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.