საზოგადოდ ცნობილია და ეს სულ ახლახან ჟურნალმა "ფორბსმა" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყველაზე მეტი მდიდარი და ამჯერად პლანეტის უმდიდრესი ადამიანიც ("მაიკროსოფტის" დამფუძნებელი, ბილ გეიტსი გვყავს მხედველობაში) ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
მაგრამ როცა ამერიკელი მდიდრების, როგორც განსაკუთრებული ფენომენის განხილვაზე მიდგება საქმე, გეიტსის, ბაფეტის ან თუნდაც მათი "ნორჩი" მიმდევარი ცუკერბერგის კი არა, პირველ რიგში მაინც ასტორის, ვანდერბილტის ან როკფელერის გვარები გვახსენდება. თანაც, - მარტო იმიტომ კი არა, რომ მსოფლიო ამ გვარების მატარებელ არაერთ მდიდარ ადამიანს იცნობდა და იცნობს, არამედ იმის გამოც, რომ ისინი კაცობრიობის ისტორიაში პირველი მილიონერები და მილიარდერები, ნამდვილი ტიტანები იყვნენ, რომელთა მხრებზეც მათივე ხელით შექმნილი სამრეწველო და ფინანსური იმპერიები იდგა. ეს ადამიანები უდიდესი დინასტიების დამფუძნებელი მამები გახდნენ და ძირითადად ისეთი შთამომავლობის აღზრდაც შეძლეს, მამაპაპისეული ქონების გაფლანგვის ნაცვლად მის გაზრდა-გამრავალფეროვნებაზე რომ იზრუნეს და დღემდეც ასე გრძელდება. თუმცაღა, როკფელერების დინასტიას, რომლის შესახებაც ქვემოთ უნდა მოგითხროთ, ამ მხრივ ალბათ, ყველაზე ნაკლებად გაუმართლა.
ამერიკელმა ნავთობის მაგნატმა და ქველმოქმედმა, კომპანია "სტანდარტ ოილის" დამაარსებელმა ჯონ როკფელერ-უფროსმა ჩიკაგოში უნივერსიტეტი დააარსა და მეცნიერების განვითარებისთვის 500 მილიონი დოლარიც უანდერძა. მისმა ვაჟმა, ჯონ როკფელერ-უმცროსმა "მეტროპოლიტენ ოპერა" აღადგინა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მისი ამჟამინდელი რეზიდენცია აჩუქა. პირად ცხოვრებაში კი ორივე ერთადერთი ლოზუნგით: "ნეტარ არიან უქონელნი" ხელმძღვანელობდა.
1908 წელს, სახელგანთქმულმა ამერიკელმა მეგაზეთემ და გამომცემელმა, ჯოზეფ პულიცერმა თავის ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომელს ფრიად საიდუმლო მისია, კერძოდ, - არქივებში, ბიბლიოთეკებსა თუ საფინანსო დაწესებულებებში დაცული საბუთების გულმოდგინედ გადაქექვა და "თვალთმაქცი წუწურაქის", ჯოზეფ დევისონ როკფელერ-უფროსის ჭეშმარიტი ბიოგრაფიის ანუ მისი ვერაგი ბუნებისა და, რაც მთავარია, მილიონების საეჭვო წარმომავლობის დღის სინათლეზე გამოტანა დაავალა. მიზეზი, რის გამოც პულიცერი როკფელერს აუმხედრდა, ის "საცოდავი" ათი ათასი დოლარი იყო, რომელიც მაგნატმა "გარკვეული საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნებისთვის" გაიღო და, როგორც ნებისმიერი საქმის მოგვარებისას სჩვეოდა, თანხაც და მისი გაღების მიზანიც იქვე დაივიწყა.
იმხანად როკფელერის საქველმოქმედო ბიუჯეტში ორ მილიონ დოლარამდე იყო, ათი ათასი დოლარი კი ორი მილიონის მხოლოდ 0,5%-ს თუ შეადგენდა, რისი გამოთვლაც და რაც მთავარია, ამის გამო საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვის გამოწვევა, პრესას ნამდვილად არ გასჭირვებია. გაზეთები მაშინვე "როკფელერის ფული სატანის მოტანილია", "ფუი ეშმაკს!" და სხვა მსგავსი სათაურებით აჭრელდა და როლში გვარიანად შესულმა ჟურნალისტებმა საზოგადოებას მაგნატის მიერ "გადმოყრილ გროშებზე" სასწრაფოდ უარის თქმისკენ მოუწოდეს.
როკფელერს კრიტიკოსებისთვის არ უპასუხია, რადგან ესეც მისი ჩვეულება გახლდათ. პულიცერს კი მისმა წამოწყებულმა გამოძიებამ არათუ სენსაციური ინფორმაცია, მცირედით ხელჩასაჭიდიც კი ვერაფერი მოუტანა და შესაბამისად, ვერც გაწეული ხარჯები აუნაზღაურა. სამაგიეროდ, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ თურმე, ჯონ როკფელერი მუსიკისადმი (თუ საქმე საეკლესიო საგალობლებს არ ეხებოდა) სრულიად გულგრილი ბრძანდებოდა. თეატრში სულ ერთადერთხელ იყო ნამყოფი და ისიც სპექტაკლის რეჟისორს სრულ ანშლაგად და ფოტოკორესპონდენტების შემოსევად "დაუჯდა". ფერწერას გარყვნილებად თვლიდა, კარგ მადას - ღვთის სასჯელად, განცხრომით ცხოვრებას - ჯოჯოხეთის კარიბჭედ, პოლიტიკას - გონებასუსტთა საქმედ, სიყვარულს - ლიტერატორთა მონაჩმახად, თავად ლიტერატორებს კი საერთოდ არაფრად აგდებდა. და მხოლოდ გამორჩენის მიღება მიაჩნდა ერთადერთ საყვარელ დროსტარებადაც და ასათვისებლად საჭირო მთავარ მეცნიერებადაც. აკი ერთხელ, როკფელერის სამი პატარა დაიკოდან ერთ-ერთმა მწარედაც შენიშნა, რომ თუ შემთხვევით ციდან შვრიის ფაფა დაიწყებს ცვენას, თეფშის მოსატანად პირველი ჯონი გაიქცევაო.
1845 წელს, შვიდი წლის ჯონ როკფელერმა დამოუკიდებლად გაზარდა ინდაურები და მეზობელ ფერმერს 50 დოლარად მიჰყიდა. ფული კი მაშინვე მეორე მეზობელს წლიურ 7%-ად ასესხა. 16 წლისამ უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა და ნავთობით მდიდარი ადგილების შესყიდვა დაიწყო. ეს ის დრო იყო, როცა ნავთობს მხოლოდ კუსტარულად მოიპოვებდნენ და ძირითადად აფთიაქებში ჰყიდდნენ, რადგან ტილებისა და გაცივების საუკეთესო წამლად მიაჩნდათ. მართალია, ჯონს საწყისი კაპიტალი არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ, წვრილმანებით მოვაჭრე "მზრუნველი" მამიკო ჰყავდა, რომელმაც საჭირო თანხა წლიურ 10%-ად ასესხა და გადახდის ვადის ყოველი გადაცილებისას, საჯარიმო პროცენტებსაც ასევე "მზრუნველად" ართმევდა.
1863 წელს, ჯონ როკფელერმა თავისი პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყიდა. 1873 წელს, მის მიერ დაარსებულ კომპანია "სტანდარტ ოილს" უკვე ოჰაიოს შტატის მთელი ნავთობგადამუშავება, 1882 წელს კი შეერთებული შტატების მთელი ნავთოგადამამუშავებელი მრეწველობის 95% ეკუთვნოდა. 1910 წელს, ჯონ დევისონ როკფელერ-უფროსი უკვე მთელ დედამიწაზე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.