თბილისის ზოგიერთ უბანს ამაღამ წყალმომარაგება შეუწყდება. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ამაღამ აღმაშენებლის ხეივანში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის სოფელი დიღმის მიმდებარედ, "ტოიოტას ცენტრთან" გამავალ მონაკვეთზე. სამუშაოების ჩატარება წყალსადენის მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.
გადაუდებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, ამაღამ 23:00 საათიდან, ხვალ, 21 მარტის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წეროვანის ტოლვილთა დასახლებას, სოფ. წიწამურს, ქ. მცხეთის, ზაჰესის დასახლებისა და სოფელი დიღმის ნაწილს; ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის ქუჩასა და ფერდობებს; ვაკისა და მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილს, ბაგებს, წყნეთს, ახალდაბას, კიკეთს, კოჯორს, ტაბახმელას, წავკისს და შინდისს.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აცხადებს, რომ კომპანია შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება ხვალ, 21 მარტის 09:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/გადაუდებელი ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.