"ნაციონალური მოძრაობის" აქცია იქნება ისეთივე მასშტაბის, როგორც გასული წლის ნოემბრის აქცია აფხაზეთის თემაზე, დაახლოებით 15-20 ათასი ადამიანით, - ასე მიიჩევს პოლიტოლოგების დიდი ნაწილი. თუმცა იმან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციის წინა დღეს შეცვალა შეკრების ადგილი და რუსთაველის ნაცვლად მხარდამჭერებს 16 საათისათვის თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა, გააჩინა იმის მოლოდინი, რომ მიტინგი საკმაოდ ხალხმრავალი უნდა იყოს, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე მათი ბოლო აქციის დროს დაფიქსირებული 20 ათასი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ვინ მივა დღევანდელ აქციაზე და რატომ ბაძავს ნაცმოძრაობა" ოცნებას / "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მოკავშირე ამ აქციასთან დაკავშირებით ხელისუფლების უგუნურებაა".
"როგორც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, თავისუფლების მოედნის შევსება უფრო რთულია, ვიდრე რუსთაველზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის. აქედან გამოდინარე ჩანს, რომ ორგანიზატორები ხალხმრავალ აქციას ელიან, თუმცა ხუხაშვილს დიდი იმედი აქვს, რომ მიტინგი არცთუ ხალხმრავალი იქნება. ყველა პოლიტოლოგი თანხმდება იმაში, რომ აქციაზე ძირითადად "ნაციონალების" მხარდამჭერები მივლენ და მათგან შესაძლოა მხოლოდ 10% იყოს ისეთი, ვინც ადრე "ოცნებას" დაუჭირა მხარი, შემდეგ იმედები გაუცრუვდათ და ახლა "ნაციონალების" გვერდით ამჯობინებენ დგომას. გია ხუხაშვილის მტკიცებით, აქციაზე ძირითადად, "ნაციონალების" აქტივი შეიკრიბება და პლუს, შეიძლება რაიონებიდან გარკვეული სოციალურად ძალიან შეჭირვებული ხალხის მიზიდვაც შეძლონ მატერიალური თუ სხვა ტიპის დაინტერესებით. ხოლო "ოცნების" ის მხარდამჭერი, რომელიც დღეს იმედგაცრუებულია, ამ აქციაზე არ გამოვა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე "ნაციონალებს" განაჩენი გამოუტანეს, შეიძლება თვლიან, რომ ხელისუფლება ცუდია, მაგრამ ისინი აგრეთვე თვლიან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სახით ოპოზიცია უარესი ჰყავთ. ცუდის წინააღმდეგ უარესთან ერთად არ გამოვლენ. არც ე.წ. შუაშისტები იქნებიან მიტინგზე, რადგან შუაშისტები პოლიტიკური ესკალაციის ადრეულ ეტაპზე პროცესებში საერთოდ არ ერევიან. ფლუგერებივით არიან და საითაც ქარი დაუბერავს, იქით მიდიან. მაგრამ ჯერჯერობით ეს მომენტი არ დამდგარა. დღეს "ნაციონალებს" ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავთ და სწორედ ამიტომ მიტინგზე, წესით, ბევრი ადამიანი არ უნდა მივიდეს. ნაციონალები" თავისი შესაძლებლობის ფარგლევში მაქსიმუმს აკეთებენ და ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს. წმინდა პოლიტტექნოლოგიურად ხელისუფლებაზე ბევრად წინ არიან, მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ მათი დრამა ის არის, რომ მათი ნატურალურ ამომრჩეველთან გასასვლელი რესურსი ნულის ტოლია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"თუკი აქციაზე უფრო მეტი ადამიანი მივა, ვიდრე ეს გასული წლის აქციაზე შეკრიბეს, ამაში მთავარი დამნაშავე ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედებები და განცხადებები იქნება, თუნდაც, მაგალითად, გოგი თოფაძის მხრიდან ანტიდასავლური პოზიცია და დაუფარავი სიმპათია ევრაზიული კავშირის მიმართ. "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მოკავშირე ამ აქციასთან დაკავშირებით ხელისუფლების უგუნურებაა. ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი თავისი ქმედებითა და განცხადებებით თითქოს სპეციალურად უწყობს ხელს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მეტი ადამიანი შეუერთდეს. ბევრი რამეა, თითქმის ყოველ დღე ხდება ასეთი რამ და ვხედავთ, რომ ხელისუფლება შეცდომებს ისევ შეცდომებით ფარავს, რითაც ზედმეტად ამუქებს "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლებლობებს და ამ ქვეყანაში მომხდარ ყველა უბედურებას მათ ისეთი სახით აბრალებს, რაც ადამიანებს არწმუნებს არა იმაში, რომ "ნაციონალური მოძრაობა" წარმავალია, არამედ იმაში, რომ უძლეველია და ქვეყანაში პროცესებს ის მართავს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"როდესაც ყველა კუთხეში "ნაციონალები" გელანდება, ეს ადამიანებში იმ შეგრძნებას ამყარებს, რომ ის ყოვლისშემძლე და უძლეველი ძალაა. ადამიანები ქვეცნობიერში ძალისკენ არიან მიდრეკილები. ასე რომ, ხელისუფლების მთელი ეს "ანტინაციონალური" რიტორიკა ისევ "ნაციონალებზე" მუშაობს. არ ვიცი, რამდენად დიდი აქცია იქნება, თუმცა, რადგან "ნაციონალებმა" გარისკეს და მიტინგი თავისუფლების მოედანზე გადაიტანეს, ე.ი. იმედი აქვთ, რომ ბევრი ხალხი იქნება. აქ მათთვის დამახასიათებელი რაღაც სიმბოლიკაცაა ჩადებული. როდესაც ჩვენ, "ოცნება" პოლიტიკურ აქტიურობას ვიწყებდით, პირველი აქცია თავისუფლების მოედანზე მოვაწყვეთ და როგორც ჩანს, ისინი აანონსებენ, რომ ეს რაღაც პროცესის დასაწყისია და სურთ 2011 წლის "ოცნების" პირველი აქციის ადეკვატური რაღაც აჩვენონ. ამდენად, ისინი ითვლიან, რომ ხალხი ბევრი ქნება. რამდენი იქნება, ამას ვნახავთ და კომენტარი მერე გავაკეთოთ - თუკი "ოცნების" მსგავსად ვერ შეძლებენ ხალხის შეკრებას, ეს მათი დიდი მინუსი იქნება, მაგრამ თუკი მოახერხეს და თუკი ასეთი დიდი რესურსი აქვთ, ეს სასიამოვნო სურათი არ იქნება ხელისუფლებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს მაინც უნდა გახდეს მათთვის ნიშანი, რომ რაღაც რადიკალურად უნდა შეცვალონ", - დაასკვნის ხუხაშვილი.
"პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე კატეგორიულად მიიჩნევს, რომ მიტინგი ხალხმრავალი არ იქნება, ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ აქციაზე ის ადამიანები არ მივლენ, ვინც ადრე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიგებში არ მოიაზრებოდნენ. მისი თქმით, ბევრისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს საზოგადოებაში "ნაციონალების" მხარდაჭერა ცუდ ტონად ითვლება. ხუხაშვილისაგან განსხვავებით თვლის, რომ ე.წ. შუაშისტებიც იქნებიან შეკრებაზე, მაგრამ მათი რაოდენობა ცოტა იქნება", - წერს სტატიის ავტორი.
"არიან ადამიანები, რომლებსაც ეს მთავრობა არ მოსწონთ და შეიძლება მთავრობის გადადგომის პათოსს იზიარებდნენ, მაგრამ გავიხსენოთ "ნაციონალების" მიერ ჩატარებული წინა აქცია, სადაც აფხაზეთის თემის გამო გამოვიდა ხალხი, შემდეგ კი "ნაციონალებმა" ყველა გამოსული ადამიანი პარტიის მხარდამჭერად მონათლეს და ამან ზოგიერთის გაღიზიანებაც გამოიწვია. ამიტომაც ანალოგიურ პროცესში ჩართვა, თუკი "ნაციონალების" გაძლიერებას არ აპირებ, პარადოქსული იქნება. ამით რეალურად "ნაციონალებს" აძლიერებ. გარდა იმისა, რომ "ნაციონალები" იტყვიან - აი, ბევრი ხალხი გვიჭერს მხარსო, მათ იმითაც აძლიერებ, რომ გადადგომის მოთხოვნის ქვეშ თუ დადგები, ამით "ნაციონალებს" აძლევ საშუალებას სამართლიანობის აღდგენის პროცესში ხმამაღლა იძახონ - აი, ჩვენ მთავრობის გადადგომა მოვითხოვეთ და ჩვენს წარმომადგენლებს ამიტომ იჭერენო. "ნაციონალების" ამ ღონისძიებაში ძირითადად სწორედ ეს მოტივია, რომ პოლიტიკური ფარი გაუკეთონ მათ, ვის წინააღდეგაც შეიძლება სს საქმე აღიძრას", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" შარშანდელ აქციაზე დაახლოებით 15 ათასამდე ადამიანი იყო. ვფიქრობ, რომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებენ ახლაც. ამას ის ფაქტი მაფიქრებინებს, რომ გარდა ლარის კურსის დევალვაციისა, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ის, რაზეც საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნების წინ უკმაყოფილება ჰქონდა, საუბარი იყო მაღალ პრემიებზე, ასეთ საკითხებზე ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირება მოახდინა და ამ ფაქტით განაწყენებული ადამიანები მიტინგზე არ გამოვლენ. ვფიქრობ, რომ აქციაზე მისულთა 90% რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები იქნებიან და დაახლოებით 10% კი ის ადამიანები, რომლებც ხელისუფლების პოლიტიკით არიან უკმაყოფილო, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს არ მიეკუთვნებიან", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პიარისა და მარკეტინგული კომუნიაცია "ჯეპრას" დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი
"აქციაზე გამოჩნდება, რამდენად სწორად იმუშავა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და რამდენად შეძლო სახელისუფლებო პარტიამ ამისთვის ხელის შეშლა. ხელისუფლების მხრიდან კი საპროტესტო აქციების გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას ვხედავთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის აქციაზე რაიმე კონფლიქტს არ ელოდება. ამის მაგალითი იყო შს სამინისტროში ჩატარებული შეხვედრა, სადაც აქციის უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით ბევრ საკითხზე შეთანხმება შედგა. შს მინისტრმა თქვა, რომ ნებისმიერი საპროტესტო გამოსვლები დაშორებული და დაცალკევებული იქნება ძირითადი საპროტესტო მიტინგისგან და ამდენად რაიმე ექსცესი გამორიცხულია", - დასძენს გალუმაშვილი.