ყოვლადწმინდა სამების ტაძართან, "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის" ოფისთან დარბაზის წევრები იკრიბებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ოფისთან ახალგაზრდები იმყოფებიან, რომელთაც ორგანიზაციის ლოგოიანი შავი მაისურები აცვიათ თეთრი წარწერებით - "სამშობლო გვიხმობს". ასევე, ისმის ხალხური, საბრძოლო სიმღერები და გურამ საღარაძის მიერ წაკითხული ლადო ასათიანის ლექსები.
როგორც სახალხო დარბაზის მთავარი კომიტეტის წევრმა გოდერძი ოთარაშვილმა განაცხადა, რამდენიმე წუთში საინფორმაციო საპროტესტო მიტინგი გაიმართება, რითაც სურთ დაგმონ "ნაციონალური მოძრაობის" გააქტიურება.
მისივე თქმით, საინფორმაციო მიტინგით ისინი ეწინააღმდეგებიან "ნაციონალური მოძრაობის მიერ" დღეს დაგეგმილ აქციას "თავისუფლების მოედანზე".
ოთარაშვილი აცხადებს, რომ ეს შეკრება მშვიდობიანი იქნება, თუმცა დასძინა, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციულ ქმედებებს დაინახავენ აქციის მიმდინარეობისას, შესაბამისად იმოქმედებენ.
"არ ვაპირებთ ძალადობას, თუ "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციულ ქმედებებს მოახდეს, თავისუფლების, დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დავდგებით. ველოდებით, რომ საინფორმაციო მიტინგის დაწყებადე დარბაზის მონაწილეები კიდევ შემოგვიერთდებიან", - აღნიშნა ოთარაშვილმა.