აფეთქებამდე 8 დღით ადრე სოსანაშვილი ვაზაგაშვილებზე ინფორმაციას აგროვებდა - ვისია მეორე დნმ და რა ახალ დეტალებს ამხელს ბრალდებული

აფეთქებამდე 8 დღით ადრე სოსანაშვილი ვაზაგაშვილებზე ინფორმაციას აგროვებდა - ვისია მეორე დნმ და რა ახალ დეტალებს ამხელს ბრალდებული

"იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით გია სოსანაშვილს ბრალს დაუმძიმებენ", - აღნიშნული ინფორმაცია "იმედის კვირის" ჟურნალსიტს პროკურატურამ ექსკლუზიურად მიაწოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით მოხდება ბრალის დამძიმება.

არსებული ინფორმაციით, გია სოსანაშვილის გარდა საფლავიდან სხვა ადამიანის დნმ-ც არის ამოღებული. პროკურატურის განცხადებით, უკვე დადასტურებულია, რომ აღნიშნული დნმ დამლაგებელ ირინე გიგოლაშვილს ეკუთვნის. თუმცა ამ დნმ-ის გარდა, ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიაზე, საიდანაც სოსანაშვილის დნმ-ია ამოღებული, ასევე ამოღებულია კიდევ ერთი პირის დნმ, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, კავშირში იყო დანაშაულთან, ვინაიდან მთავარ ნივთმტკიცებაზე ამ პირის დნმ-იც აღმოჩნდა.

პროკურორ ჯემალ კობაიძის განმარტებით, ეს დნმ უკვე გაშიფრულია, თუმცა იდენტიფიცირებული არ არის.

"შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ხელყუმბარის ამფეთქის სახელური, საიდანაც შესაბამისი კვლევით, ამოღებულ იქნა დნმ-ის ორი კვალი. სათანადო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ ერთ-ერთი კვალი დატოვებულია გიორგი სოსანაშვილის მიერ, ხოლო მეორე კვალი ვის მიერ არის დატოვებული ამ ამფეთქის სახელურზე... დღეისთვის, მოგეხსენებათ, ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, თავისთავად ცხადია, ეს დანაშაულთან შემხებლობაშია, ვინაიდან ის დანაშაულის ჩადენის იარაღზეა", - აცხადებს პროკურორი ჯემალ კობაიძე.

გია სოსანაშვილი პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და დეტალებს საკუთარ ჩვენებაში აღწერს:

"2015 წლის 7 თებერვალს ჩემი დაკავება ჩემთვის მოულოდნელი ფაქტი იყო, არაფერში ბრალი მე არ მიმიძღვის ვარ უდანაშაულო და სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის აფეთქებასთან არანაირი შეხება არ მაქვს", - აღნიშნულია სოსანაშვილის ჩვენებაში, რომელიც "იმედის კვირამ" მოიპოვა.

სოსანაშვილი ადასტურებს, რომ აფეთქებამდე ერთი დღით ადრე სოფელ ყარაფილაში საკუთარი "ნივით" იმყოფებოდა, თუმცა ამტკიცებს, რომ ყარაფილისკენ მიმავალ გზაზე ნაცნობები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - მამია ჯანანაშვილი და კოტე ცოცხალაშვილი შეხვდნენ, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და სწორედ მათთან ერთად დატოვა ყარაფილა. ყარაფილაში ჩასვლის მიზეზად კი ბიძაშვილთან, სოსო სოსანაშვილთან სტუმრობას ასახელებს.

"ბიჭებმა გამოთქვეს სურვილი დაელიათ ყავა, შევთავაზე ჩემს ბიძაშვილთან სოსო სოსანაშვილთან

წამოსვლა, სადაც ყავის დალევის საშუალება ექნებოდათ. ისინი პიკაპით უკან გამომყვნენ, მივედით სოსო სოსანაშვილის საცხოვრებელ სახლთან, რომლის მოპირდაპირედ იყო ჩემი ნაცნობის მამუკა მელაძის დედის პანაშვიდი, გადავწყვიტე, ბარემ შევსულიყავი, პანაშვიდიდან გამოსვლისთანავე შევედით ჩემი ბიძაშვილის სოსო სოსანაშვილის სახლში, მაგრამ მისი მეუღლე სახლში არ აღმოჩნდა. მამია ჯაჯანაშვილი და კოტე ცოცხალიშვილი მე დავპატიჟე უკვე ჩემთან სახლში სოფელ საკორინთლოში. საკორინთლოში ჩავედით დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის. სახლში გავშალეთ სუფრა და დავიწყეთ ქეიფი, მათი წასვლის შემდეგ მე დავწექი დასაძინებლად და დავიძინე", - აღნიშნულია სოსანაშვილის ჩვენებაში.

როგორც "იმედის კვირის" ჟურნალისტი აცხადებს, სოსანაშვილის მტკიცებით, ტრაგედიის დღეს ყარაფილაში საერთოდ არ ყოფილა - ამ დღეს ავტომობილის გასაკეთებლად კასპში გაემგზავრა. ავტომობილის გაკეთებამდე კი მის ნაცნობს მამია ჯაჯანაშვილს დაურეკა და სასადილოში ("ჩალიჩას დუქანი") დაპატიჟა. ე.წ. "ჩალიჩას დუქანში" მათ სტუმრობას ადასტურებს ქალი, რომელიც მათ მაგიდას ემსახურებოდა, თუმცა ის გამოძიებას არ დაუკითხავს.

მამია ჯაჯანაშვილი, რომელიც სოსანაშვილის საქმე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, იგოეთის პოლიციიდან სოსანაშვილის დაკვებიდან ერთ კვირაში გაათავისუფლეს. ჯაჯანაშვილის სახლიდან კი ხელყუმბარები ამოიღეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 თებერვალს ჯაჯანაშვილს 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. მისი ოჯახის წევრები ამ თემაზე ტელეკამერებთან არ საუბრობენ.

"ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ერთ-ერთი ტიპის ხელყუმბარა. აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მას ამ ეტაპზე სხვა რამე ტიპის შემხებლობა არა აქვს", - აცხადებს პროკურორი ჯემალ კობაიძე.

სოსანაშვილის ადვოკატი, სოსო ჯოგლიძე მამია ჯაჯანაშვილს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ალიბად მიიჩნევს.

სერიოზული კითხვებია ბრალდების ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულების, დნმ-ის სანდოობასთან დაკავშირებით.

"იქ არის აღწერილი როგორ ჩაადებინეს თავის ხელებით პირის ღრუში ის წებოვანი ლენტა, რითიც იღებენ დნმ-ის სინჯებს. როგორ მიაწოდა შუშის ქილა და როგორ დარჩა იქ ოფლის კვალი", - აცხადებს სოსო ჯოგლიძე.

ადვოკატის ინფორმაციით, დნმ-ის უკანონოდ აღება შსს-ს გენინსპექციის სამმართველოს უფროსის, როინ ასანიძის კაბინეტში მოხდა. ჟურნალში სოსანაშვილის შესვლა გატარებულია და იარაღის დატოვებაც ფიქსირდება. განსხვავებით ექსპერტებისგან, რომლებიც შენობაში საშვის გარეშე შევიდნენ. ადვოკატის მტკიცებითი, ისინი დნმ-ის არაოფიციალურად აღებაში მოანაწილეობდნენ და სოსანაშვილს მათი ამოცნობა შეუძლია.

იურისტების თქმით, თუკი ბრალდებულს აქვს ეჭვი, რომ მის საქმეში არსებული მტკიცებულება არის გაყალბებილი, პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაიწყოს ამ საკითხზე. თუმცა პროკურატურის განცხადებით, მათ ასეთი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

სოსანაშვილი ამტკიცებს, რომ სწორედ 6 თებერვალს აღებული დაულიქავი დნმ-ი წაუსვეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარის ფალიას. შესაბამისად, 6 თებერვლის მასალები საქმეში არ ფიქსირდება. საქმეში მხოლოდ 7 თებერვალს ჩატარებული დნმ-ის ანალიზის დასკვნაა.

როგორც "იმედის კვირის" სიუჟეტშია აღნიშნული, ბალისტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი დნმ-ის ფალიაზე წასმას გამორიცხავს. მისი თქმით, ნივთ-მტკიცებულებები ადგილზევე დაილუქა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაიგზავნა.

ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმეში სხვა მტკიცებულებებიც არის, მათ შორის 12 იანვარს ვაზაგაშვილის აფეთქებამდე 8 დღით ადრე გია სოსანაშვილი შედის შესაბამის ბაზაში, სადაც ზურაბ და იური ვაზაგაშვილებს ნახულობს. ასევე 18 დან 21 იანვრის ჩათვლით წალკის რაიონის სოფელ ავრალოს პოლიციის უფროსს სამსახურიდან გათავისუფლებას იმ მოტივით სთხოვს, რომ სოფელ საკორინთლოში შეშის პრობლემა უნდა მოაგვაროს, თუმცა შეშაზე არ მისულა.

ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის თქმით, "გამოძიებამ სოსანაშვილის "ფეისბუქზე" არსებული პირადი მიმოწერები შეისწავლა. პირველ-ორ თებერვალს სოსანაშვილი ინტერესდება, ვის კითხავს გამოძიება".

შეგახსენებთ, პროკურატურას დღემდე არ დაუსახელებია დანაშაულის მოტივი და შემკვეთები. სოსანაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა 3 აპრილს ეწურება.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს სოფელ ყარფილაში საკუთარი ვაჟის საფლავზე დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ იმსხვერპლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ