თხილის ბიზნესი საქართველოში თანდათან, მაგრამ სტაბილურად ვითარდება. ამაზე მეტყველებს ”საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც, რომლის თანახმად, 2015 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი ტრადიციისამებრ, მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რომელმაც მთლიანი ექსპორტის 13 პროცენტი შეადგინა, ხოლო მეორე ადგილი თხილის ექსპორტს ერგო - ამ სეგმენტმაც მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 13 პროცენტი დაიკავა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფმა გადმოინაცვლა - ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტზე მთლიანი ექსპორტის 11 პროცენტი მოდის.
თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლის იანვარ-სექტემბერში ქართული თხილი საექსპორტო ჩამონათვალში მე-6 ადგილზე იყო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართულ თხილს აქვს პოტენციალი, მსოფლიო ბაზარზე თავისი ნიშა დაიმკვიდროს მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მსოფლიო ბაზარზე თხილის უმსხვილესი მწარმოებელია და ამ ქვეყანასთან კონკურენციის გაწევა რთული იქნება.
"მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და გონივრული, გააზრებული ნაბიჯები უნდა გადავდგათ", - განაცხადა bpn.ge-სთან საუბრისას თხილის გადამამუშავებლთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მოწერელიამ.
მისი თქმით, ამ დარგში კიდევ ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი და გამოსასწორებელი.
- ავტომობილების ექსპორტს თხილის ექსპორტს არ შევადარებ იმიტომ, რომ ავტომობილების ექსპორტი სინამდვილეში არის რეექსპორტი. ეს ავტომობილები დასავლეთის ქვეყნებიდან შემოჰყავთ და მერე გადის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. თხილი კი, საქართველოშია წარმოებული. სტატისტიკის მიხედვით, თხილის ბიზნესმა საქართველოს 2014 წელს 182 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა. რა თქმა უნდა, პოტენციალი საკმარისია და შეიძლება ვისაუბროთ ამ რაოდენობის გაორმაგებასა და გასამმაგებაზეც. არსებობს გრძელვადიანი პროგრამა, ახალი ნარგავებიც იზრდება და ქართული თხილიც თანდათან უფრო ცნობადი ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს დარგი დინამიურად ვითარდება და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა უმჯობესია თვითტკბობას არ მივეცეთ და ყველაფერი ზუსტად გავთვალოთ. ქართული თხილის წარმატების მთავარი მიზეზი წელს თურქეთში უამინდობაა, რომლის გამო მცირე მოსავალი მოვიდა. ამიტომ, სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ: დღეს თურქეთში არსებული დეფიციტის გამო ქართული თხილი მსოფლიო ბაზარმა გაიწოვა, მაგრამ რა მოხდება მომავალ წელს, როცა ეს დეფიციტი აღარ იქნება? ექსპორტის რაოდენობის ზრდის მეორე მიზეზიც არსებობს - ქართული თხილის ცნობადობა თანდათან მატულობს.