მელიქიშვილის გამზირის N49-დან წუხელ გამოსახლებული 2 ოჯახისთვის, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ საცხოვრებელი ფართი უკვე გამონახა და ისინი ბინაში დღესვე შევლენ. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება დანარჩენ 10 ოჯახს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც მთაწმინდის, ისე თბილისის სხვა რაიონების გამგეობები მზად არიან, აღნიშნულ ოჯახები ბინის ქირით უზრუნველყონ. ამისათვის, გამოსახლებულებმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უნდა მონახონ 300 ლარამდე ღირებულების გასაქირავებელი ბინა, რომლის ქირასაც შესაბამისი გამგეობა გადაიხდის.
"მელიქიშვილის გამზირის N49-დან წუხელ კერძო მესაკუთრის მოთხოვნით 12 ოჯახი გამოასახლეს. მესაკუთრემ შენობაში უკანონოდ შეჭრილები გასახლების თაობაზე წინასწარ გააფრთხილა, ხოლო მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, ამ ოჯახების პრობლემის მოგვარების მიზნით, მათ მუნიციპალურ თავშესაფარში გადასვლა შესთავაზა. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, გამოსახლებულმა ოჯახებმა თავშესაფარში ცხოვრებაზე უარი თქვეს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.