გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოსახლეობას აფრთხილებენ

გარემოს დაცვის სამინისტრო და საპატრიარქო მოსახლეობას აფრთხილებენ

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორემ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მოუწოდეს, ბზის მოჭრისგან თავი შეიკავონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბზობის დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოა ბზა, რომელიც აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდი რაოდენობით იჭრება და იყიდება.

კოლხური ბზა ენდემური სახეობაა, არის კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი და უძვირფასესი მცენარე. მის გაზრდას რამდენიმე ათეული წელი სჭირდება და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც სწორედ უკონტროლო ჭრაა. ამის გამო, კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებულ ბზის კორომებში უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გამოვლინდა დაავადება - ე.წ.ბზის სიდამწვრე, აღნიშნული დაავადების გამო თითქმის მთლიანად განადგურდა აჭარის ტერიტორიაზე არსებული ბზის უნიკალური კორომები და იგივე საფრთხე ემუქრება ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე გავრცელებულ ბზებსაც.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში განხორციელდება ბზის კორომების სატყეო პათოლოგიური გამოკვლევა მის მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში. კოლხური ბზის გადაშენების რეალური საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მკაცრდება კონტროლი ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. კერძოდ, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები, რაც დამოკიდებულია ბუნებრივი რესურსის უკანონო მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაზე.

საჯარიმო სანქციების ოდენობა მერყეობს ორასიდან ხუთას ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარის შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ერთი მხრივ, ბზის მოჭრისაგან რეალიზაციის მიზნით და მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით ტოტების შეძენისაგან.

მათივე ინფორმაციით, სხვადასხვა სანერგე მეურნეობებში სპეციალურად გამოყვანილი ბზა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება და ჩვენი საერთო ძალისხმევით მივაღწევთ იმას, რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ გარემოს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამკაცრებულია კონტროლი ველურად მზარდი კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მიზნით.

კოლხური ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 150–დან 500 ლარის ოდენობით. საჯარიმო სანქციასთან ერთად, ასევე გათვალისწინებულია გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო თუ ზიანი არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია