გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები სამი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვენ

გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები სამი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას ითხოვენ

კომპანია "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებული გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავენ.

როგორც ადვოკატებმა ირმა ჭკადუამ, გელა ნიკოლაიშვილმა და მალხაზ ჯანგირაშვილმა დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, მოსამართლეებმა პაატა სილაგაძემ, მაია ოშხარელმა და გიორგი შავლიაშვილმა დაჩქარებული წესით, ძალაში დატოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გვიჩიანი და მასთან ერთად ბრალდებული ნიკა ჩემია გამტყუნდნენ და უვადო პატიმრობა 15-წლიანი სასჯელით შეეცვალათ.

ადვოკატების მტკიცებით, მოსამართლეებმა აღნიშნული განაჩენის თარიღი გააყალბეს და 13 მარტი მიუთითეს, რეალურად კი განაჩენი გამოტანილი 25 მარტის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოს მიმართეს განცხადებით და საქმის დიდი პალატის პირობებში განხილვა მოითხოვეს.

ადვოკატების ინფორმაციით, მათ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასული წლის აგვისტოში გაასაჩივრეს და თვეების განმავლობაში უზენაესი სასამართლო საჩივარს არ იხილავდა. 25 მარტს კიდევ ერთხელ მიმართეს უზენაეს სასამართლოს აღნიშნული საქმის დიდი პალატის პირობებში განხილვის მოთხოვნით და განცხადებას დაურთეს საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების ხელმოწერები.

"განცხადების შეტანის მეორე დღეს ჩვენ მივიღეთ კონვერტში ჩადებული გადაწყვეტილება, სადაც მოსამართლეების პაატა სილაგაძის, მაია ოშხარელისა და გიორგი შავლიაშვილის განაჩენით ძალაში რჩება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ მივიჩნევთ რომ თარიღი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არის გაყალბებული, იქიდან გამომდინარე რომ ფოსტას 13 მარტიდან 26 მარტამდე დრო არ დასჭირდებოდა კონვერტის ჩვენამდე მოსატანად. გადაწყვეტილება დასახელებულმა მოსამართლეებმა მას შემდეგ გამოიტანეს რაც ჩვენ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს და მოვითხოვეთ, რომ საქმე განეხილა დიდ პალატას", - განაცხადა მალხაზ ჯანგირაშვილმა.

ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, რაც გვიჩიანის და ჩემიას საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განახორციელა, ყოფილი თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის "ბოლო კუდის მოქნევაა".

კერძოდ, ჭკადუას განცხადებით, სამიდან ერთ-ერთი მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი იმ დროს, როდესაც გია გვიჩიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო და მაშინდელი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა.

"იმ გადაწყვეტილებით კი, რომელიც ახლა მიიღო, შავლიაშვილს სურს, თავი გადაირჩინოს. ამ მოსამართლეებმა სასწრაფო წესით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის მისვლამდე მიიღეს ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება", - განაცხადა ჭკადუამ.

გვიჩიანისა და ჩემიას ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ ნინო გვენეტაძე მომხდარს სწორ სამართლებრივ შეფასებას მისცემს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ