ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაიასთვის პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაიასთვის პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიას მიმართ ერთ-ერთ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. ჯაშუშების საქმეზე 2014 წლის 5 ივლისის განჩინებით, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. ვინაიდან ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა ერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა.

"გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ მიუხედავად ამ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა, ბაჩანა ახალაია რჩება პატიმრობაში, რადგან იგი მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და იხდის საპატიმრო სასჯელს. მას თავისუფლების აღკვეთა მისჯილი აქვს ე.წ. "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენით. აღნიშნულ საქმეზე ბაჩანა ახალაიას ბრალი დაედო ორ ეპიზოდში: ციხეში პატიმართა წამებასა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირებისათვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კომფორტული პირობების შექმნაში. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ბაჩანა ახალაიას საბოლოოდ განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, ე.წ. ჯაშუშების საქმეზე სასამართლომ პატიმრობა გააუქმა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაჩო ახალაიას ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.

"ბაჩო ახალაიას ამ საქმეზე პატიმრობის 9-თვიანი ვადა იწურებოდა 5 აპრილს, რის გამოც, დღეს, სასამართლომ ახალაიას პატიმრობა გააუქმა. როგორც ყველა საქმეში, აქაც უსაფუძვლოდ იყო პატიმრობა შეფარდებული და მიზნად ისახავდა მის 9 თვით ციხეში გამოკეტვას", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

მიუხედავად მოსამართლის ამ გადაწყვეტილებისა, ახალაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვერ დატოვებს, რადგან მას პატიმრობა სხვა საქმეებზეც აქვს მისჯილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ