ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატ გიორგი მარიამიძის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე საუბრობს.
როგორც ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი აღმაშფოთებელია და მასზე სწრაფი გამოძიება უნდა მოხდეს.
"ეს არის საგანგაშო ფაქტი. ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ადვოკატს გიორგი მარიამიძეს, რომელმაც თავისი კლიენტისაგან სასამართლოს მეშვეობით მოითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰონორარი, ეს არის კატასტროფა, რომელიც საძირკველშივე უნდა მოისპოს", - აცხადებს ხატიაშვილი.
მისი ინფორმაციით, 2013 წლის 11 ნოემბერს ადვოკატ თამილა ქუთათელაძეს, გიორგი მარიამიძეს და შპს "გილს" შორის დაიდო ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურებაზე.
"შპს "გილის" დირექტორმა გიორგი გაფრინდაშვილმა აიღო ვალდებულება ადვოკატების მიერ სასამართლო დავის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გადაეხადა უძრავი ქონების ღირებულების 7,5%-ს თითო ადვოკატზე, თუ ადვოკატები მას მიწის ნაკვეთს დაუბრუნებდნენ. 2013 წლის 17 დეკემბერს გიორგი გაფრინდაშვილმა ადვოკატებს თამილა ქუთათელაძეს და გიორგი მარიამიძეს გაუფორმა რწმუნებულება, რითიც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის გადაიხდიდა უძრავი ქონების ღირებულების 7,5%-ს თითო ადვოკატზე, თუ ადვოკატები მას მიწის ნაკვეთს დაუბრუნებდნენ. 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ადვოკატებმა მოიგეს გიორგი გაფრინდაშვილის სარჩელთან დაკავშირებული დავა, გიორგი გაფრინდაშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა სასამართლომ და იგი კვლავ მესაკუთრედ სცნეს აუქციონის გზით გაყიდულ მის 2001 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ვინაიდან შპს "გილის" დირექტორმა გიორგი გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა ადოკატების ჰონორარის გადახდაზე, ადვოკატმა გიორგი მარიამიძემ მიმართა სასამართლოს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასევე ადვოკატმა ყადაღა დაადო ხსენებულ უძრავ ქონებას და სხვა უძრავ ნივთებსაც", - აცხადებს ხატიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, სასამართლოში სარჩელის შეტანის მომენტისთვის საადვოკატო მომსახურეობის თანხა შეადგენდა 90 000 აშშ დოლარს და სწორედ ეს თანხა მოითხოვა ადვოკატმა გიორგი მარიამიძემ.
"პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატ გიორგი მარიამიძის სარჩელი ყოვლად გაუმართლებელი მოტივით, ვინაიდან ადვოკატი გიორგი მარიამიძე აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, მას დაუკავშირდა შპს "გილის" წარმომადგენლებთან დაახლოებული პირი ვინმე მაკა შარვაძე და სთხოვა შეხვედრა. ვინაიდან არ მოხდა შეთანხმება ადვოკატ გიორგი მარიამიძეს და მაკა შარვაძეს შორის მაკა შარვაძე არაერთგზის დაემუქრა ადვოკატ გიორგი მარიამიძეს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მაკა შარვაძე გადაიხდიდა 5 000 აშშ დოლარს და თავისუფლად გაასაღებდა ადვოკატს თუმცა, შემდეგ შეამცირა თანხა და ემუქრებოდა რომ 1000 აშშ დოლარადაც მოაკვლევინებდა ადვოკატ გიორგი მარიამიძეს. მისი მტკიცებით, როგორც ერთი "ბამბანერკით" მოაგვარა მოსამართლესთან საქმე და არ დაუკმაყოფილეს სარჩელი, ისე მარტივად მოაგვარებდა ადვოკატის მკვლელობის საქმესაც. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვფიქრობ, რომ მაკა შარვაძისგან წამოსული ადვოკატ გიორგი მარიამიძის სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურია შემდეგ გარემოებათა გამო: ადვოკატის მიერ შპს "გილისგან" და გიორგი გაფრინდაშვილისგან სოლიდარულად მოთხოვნილი თანხა საკმაოდ დიდია, ანუ 90000 აშშ დოლარს შეადგენს და ეს საკმარისზე მეტი საფუძველია, რათა ადვოკატს სიცოცხლე მოუსპონ; როგორც ადვოკატ გიორგი მარიამიძის განცხადებიდან ირკვევა მაკა შარვაძეს პირადი ინტერესი აქვს ადვოკატ გიორგი მარიამიძის მიერ დაყადაღებულ მიწასთან დაკავშირებით, რათა რაც შეიძლება მალე მოიხსნას ყადაღა, რადგანაც მისი მტკიცებით, მას უკვე ნაპოვნი ყავს ინვესტორი, რომელიც ამ მიწაზე კორპუსს ააშენებს და აქედან მას სოლიდური თანხა დარჩება. ანუ, ფაქტიურად, ადვოკატი უშლის ხელს მას გამდიდრებაში. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოიდში ქვეყანაში გახშირდა შეკვეთილი მკვლელობები, რამაც მოსახლეობაში გამოიწვია ფსიქოზი. ადვოკატ გიორგი მარიამიძის შემთხვევა ბადებს ეჭვს, რომ ქვეყანაში არსებობს პირთა წრე, რომლებიც თანახმა არიან ფულადი თანხის სანაცვლოდ ნებისმიერ პიროვნებას მოუსპონ სიცოცხლე. მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან სასწრაფო და ეფექტურ გამოძიებას", - აღნიშნულია ზაზა ხატიაშვილის განცხადებაში.