როგორ უნდა აღნიშნოს ქრისტიანმა ბზობის დღესასწაული

როგორ უნდა აღნიშნოს ქრისტიანმა ბზობის დღესასწაული

დღეს, 9 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. ქრისტიანები ტრადიციულად მიდიან ეკლესიაში, ესწრებიან წირვა-ლოცვას და ბზას აკურთხებენ. ერთი წლის განმავლობაში სახლში შენახული ბზა ამ დღეს სახლიდან გამოაქვთ, ეკლესიის ეზოში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე ტოვებენ, ან "სუფთა" ადგილზე წვავენ.

ბზობის დღესასწაული განსაკუთრებულ სიხარულთან არის დაკავშირებული. ამ დღეს მაცხოვარი იერუსალიმში შებრძანდა და ხალხი მას მიეგება, როგორც განმათავისუფლებელს, მხსნელს და მეუფეს. გზაზე უფენდნენ პალმის, ბზის რტოებს, ბევრი საკუთარ სამოსსაც უფენდა, ოვაციებითა და შეძახილებით ეგებებოდნენ.

ბზობას ადამიანები კიდევ ერთხელ ეზიარებიან უფლის სიხარულს და იმავდროულად, გარკვეულწილად სინანულსაც გამოხატავენ. იერუსალიმში დიდებით შესულ მაცხოვარს, ერთ კვირაში სწორედ იმ ხალხმა უღალატა, რომლებიც მას ასეთი სიხარულით შეეგებნენ.

როცა მაცხოვარი შევიდა იერუსალიმში, ჩვილებიც, რომლებსაც ჯერ მეტყველება არ შეეძლოთ, ღაღადებდნენ: "ოსანა, ძესა ღვთისასა, დიდება მეუფეს ისრაელისას!" ფარისევლები კი ამ დროს მაცხოვარს ეუბნებოდნენ: უთხარი ამათ, რომ დადუმდნენ, ქების სიტყვები არ თქვანო. მაცხოვარი კი პასუხობდა: ესენი შეიძლება დადუმდნენ, მაგრამ მათ მაგივრად ქვები დაიწყებენ ღაღადსო.

ბზობა მხოლოდ ნაკურთხი ბზის სახლში წაღება არ არის, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს მთავარი არსი და დანიშნულება ამ დღესასწაულისა.

ამ დღეს იკითხება ზობის დღესასწაულის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი: ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაი დღეს და ყრმათა გალობაი ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.

მოამზადა ნანა ჩხაიძემ

"ყოველი დღე გვაახლოვებს მეორედ მოსვლას" - რა თქვა ილია მეორემ ქადაგებისას

"პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-მდე გაიზარდა - დავიცვათ წესები" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე დამატებითი შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე

როგორია ვითარება ამ დროისთვის სალხინოს ტაძართან - ტაძრის ეზოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო