უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი დღეს დილითაც გაუხსნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, შემთხვევა ვაზისუბნის გადასახვევთან გამთენიისას მოხდა. მისივე ვარაუდით, ეს იგივე პიროვნება იყო, რომელმაც გუშინ ორი პოლიციელი დაჭრა. გომელაურმა ჟურნალისტებთან ისაუბრა დღეს დილიდან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლის ფარგლებშიც ტანსაცმელი და პარიკია აღმოჩენილი. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა კავშირშია ეს ნივთები სავარაუდო ეჭვმიტანილთან.
"ამას გამოძიება დაადგენს. ეჭვი შეიტანეს პიროვნებაზე, რომელსაც ასევე მოუწოდეს შეჩერება და ასევე არ შეჩერდა და ცეცხლი გახსნა. მას ეკეთა პარიკი. სავარაუდოდ, ერთი და იგივე პიროვნება იყო გუშინდელ შემთხვევაში და დღეევანდელ შემთხვევაში. პარიკი დააგდო, გაიქცა და მიიმალა. ისევ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელებს. ამჟამად საბედნიეროდ არავინ დაზიანდა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შს მინისტრის თქმით, წუხელ მომხდარი სცენარი ძალიან ჰგავს ბორჯომში მომხდარ შემთხვევას და ეს ერთი და იგივე ხელწერაა. შესაბამისად, პოლიცია მუშაობს იმ ვერსიაზე, რომ დამნაშავე ამ შემთხვევაშიც შალვა აბულაძეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამ დრომდე ეძებენ ბორჯომში მცხოვრებ შალვა აბულაძეს, რომელმაც იანვარში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს. მოგვიანებით ერთ-ერთი დაჭრილი გიორგი ბერუაშვილი გარდაიცვალა.