ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობიდან ორი ახალგაზრდა გაუჩინარდა, რომლებიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, სირიაში საომრად წასულან. რატომ მიდიან ახალგაზრდები ომში და თუ არსებობს მათი შემაკავებელი საშუალება, ამაზე კომენტარი ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს, მექა ხანგოშვილს ვთხოვეთ:
- ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე სკოლის მერხიდან ხდება ახალგაზრდების გადაბირება. ამის გამო დღეს ჩვენი ხეობის უხუცესები და მოსახლეობა შეიკრიბა და ხელისუფლებისადმი შესაბამისი მოთხოვნებიც შეიმუშავეს. წარმოიდგინეთ, 16 წლის არასრულწლოვანი ბავშვი მინდობილობის და მეურვის გარეშე გადაუშვეს საზღვარზე.
- ქალბატონო მექა, არსებობს რამე მექანიზმი, რომ მათი წასვლა შეიზღუდოს?
- არსებობს ძალიან ბევრი მექანიზმი და ამაზე უკვე წლებია ვსაუბრობთ. უხუცესები არაერთხელ ჩამოვიდნენ თბილისში და საკმაოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირებსაც შეხვდნენ და თხოვეს, რომ რაღაც მიზანმიმართული პოლიტიკა ეწარმოებინათ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია. პირველ რიგში უნდა მოხდეს რადიკალური მიმდინარეობის განეიტრალება, რათა მან კიდევ უფრო ღრმად არ გაიდგას ფესვები და ამის საპირისპიროდ უნდა მოხდეს ტრადიციული ისლამის გაძლიერება, რომელიც ამ ბოლო წლებში ძალიან უყურადღებოდაა. ჩვენ მაინც ტრადიციული ერი ვართ და აუცილებელია უხუცესთა საბჭოს გაძლიერებაც. თუმცა უმთავრესი მაინც განათლების დონის ამაღლებაა. ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ, რომ მოხდეს ჩვენი ხეობისათვის კვოტების დაშვება, რადგან პანკისის ხეობა ძალიან ღარიბი რეგიონია და აქ მცხოვრებთ არ აქვთ იმის საშუალებაც კი, რომ სწავლის ღირებულება გადაიხადონ, აღარაფერს ვამბობ ცხოვრების ხარჯებზე. ამიტომაც მხოლოდ 1-2 ოჯახი თუ ახერხებს საკუთარი შვილის სასწავლებლად გაგზავნას. მნიშვნელოვანია დასაქმებაც. ხეობაში არაა არცერთი საწარმო და კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ამ კუთხით იმუშავებს და ინვესტორს, რომელიც ჩვენთან ინვესტიციას ჩადებს, რაიმე წახალისებას მისცემს. დასაქმება ერთ-ერთი გამოსავალია ამ ყველაფრიდან. კიდევ ერთი აუცილებელი პროექტია სპორტ-დარბაზები. მოგეხსენებათ, ჩვენი ახალგაზრდები გამოირჩევიან სპორტული მონაცემებით (არაერთი ჩემპიონია აღზრდილი ჩვენს ხეობაში) და კარგი იქნება, თუ ამ მონაცემებს შესაბამის გარემოში განავითარებენ. ცოტა ხნის წინ ერთი ადამიანი იყო, რომელმაც საკუთარი სახსრებით გახსნა სპორტდარბაზი და ახალგაზრდებს ავარჯიშებდა. ეს ადამიანი იხვეწებოდა, რომ 200 ლარი მაინც მიეცა სახელმწიფოს, როგორც მწვრთნელისთვის, მაგრამ 2 წლის მანძილზე ამას ვერ მიაღწია და იძულებული გახდა, მიეტოვებინა ეს საქმე და წასულიყო. თუ ასეთ საქმეებს არ შეეწყო ხელი, შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ.
- ტრადიციული ისლამი თუ მიესალმება ახალგაზრდების ომში წასვლას?
- ეს მიუღებელია, ამას ჩვენი რელიგია პირდაპირ კრძალავს. ისლამის გაიგივება იმ რადიკალიზმთან დაუშვებელია. მათ არაფერი აქვთ საერთო ისალმთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური რელიგიაა. ეს რადიკალიზმი სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ტერორისტული ორგანიზაციაა და მათ არაფერი აქვთ საერთო არათუ ისლამთან, არამედ რელიგიასთანაც კი.
- ქალბატონო მექა, თუ გაქვთ ინფორმაცია, საშუალოდ, რამდენს უხდიან ახალგაზრდებს, ვინც ომში მიდის?
- სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს, თუმცა ის ვიცი, რომ ამ ახალგაზრდებს თანხას არც პირდებიან. მათ იდეოლოგიურად ამუშავებენ, ვითომდა, ამ ომში მონაწილეობით საღვთო საქმეს აკეთებენ. ფულს იღებენ ის ლიდერები, ვინც ამ ბავშვებს იდეოლოგიურად ამზადებს. სხვათა შორის, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ომში წასულ ახალგაზრდებს, თურქეთიდან ოჯახში დაურეკავთ და უკან დასაბრუნებელი ფული უთხოვიათ.
ლადო გოგოლაძე