როგორ ხვდებიან აღდგომას ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები – ექსკლუზიური ინტერვიუ სასულიერო პირთან

როგორ ხვდებიან აღდგომას ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები – ექსკლუზიური ინტერვიუ სასულიერო პირთან

ქრისტიანობის ყველაზე დიდი დღესასწაული ქრისტეს აღდგომა გვიახლოვდება. ამ დღესასწაულის შესახვედრად მართლმადიდებლური სამყარო ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება.

ცნობილია, რომ საქართველოდან უცხოეთში უამრავი ქართველია გადახვეწილი, კერძოდ კი ამერიკაში. მათ გასამხნევებლად რამდენიმე წლის წინ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაც შეიქმნა, სადაც ქართველი სასულიერო პირი დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე მოღვაწეობს, რომელიც ამჟამად ვაშინგტონის წმინდა მეფე თამარის სახელობის სამრევლოს წინამძღვრად არის დადგენილი.

Ambebi.ge მამა კონსტანტინეს დაუკავშირდა და წინასააღდგომოდ რამდენიმე კითხვით მიმართა.

- სამშობლოს სიყვარული, რწმენის ერთგულება ალბათ, მეტად ემიგრაციაში შეირძნობა. ამ ეტაპზე თქვენც უცხოეთში გიწევთ ყოფნა იმ თანამემამულეების გვერდით, რომლებიც ემიგრაციაში ცხოვრობენ. მათი მოძღვარი ხართ, სულიერად ეხმარებით და აძლიერებთ. როგორია (თქვენი) ქართველი მრევლი უცხეთში და როგორ ემზადებიან ისინი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის აღსანიშნავად?

- სამშობლოს სიყვარულს ადამიანი ემიგრაციაში იმიტომ შეიგრძნობ, რომ მონატრება და სიშორე ამძაფრებს სიყვარულს. რწმენის ერთგულებას კი უპირველესად, ღვთის სიყვარული და რწმენა სჭირდება და არა მდგომარეობა და ადგილი. ამისთვის ამბობს, ბიბლია, - "ადგილი კი არ განწმედს კაცს, არამედ კაცი განსწმენდს ადგილს". ეს რომ ადგილის მიხედვით იყოს შესაძლებელი, მაშინ ადამიანი სამოთხეს არ დაკარგავდა. ჩვენი, ანუ ადამის მოდგმის სულიერი მისია სწორედ იმ დაკარგული სამშობლოს, - სამოთხის დაბრუნებაა. ეს კი ყველგან არის შესაძლებელი და თუ ადამიანი ამისთვის არ ზრუნავს, ნებისმიერ შემთხვეაში მიუღწეველი გახდეს. ამის საილუსტრაციოდ ისევ ბიბლია მოვიხმოთ, რომლის თანახმად, სამოთხეში დაეცა ადამი და სოდომში გადარჩა ლოთი...

ძირითადად, მრევლი ალბათ ყველგან მრევლია. აღდგომა არ არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული, რომ ქართველები ამისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდეთ. ქრისტე ამქვეყნად ყოველი ადამიანისთვის მოვიდა, თითოეული ჩვენგანისთვის ეცვა ჯვარს და ჩვენც ვუერთდებით მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუერთდებით საყოველთაო სადღესასწაულო სიხარულს, რომელიც მთელ ქვეყანაზე სუფევს. დიდება უფალს! და ყველა ქრისტიანს თქვენთან ერთად ვახარებთ:

ქრისტე აღსდგა!

ჩვენს სამრევლოში, ისე როგორც ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში, ჩატარდება სადღესასწაულო ლიტურღია და კვირას, დღის 3 საათზე, სადღესასწაულო ტრაპეზზე შევიკრიბებით. ეს ყოველწლიური ტრადიციაა. აქ რელიგიური დღესასწაულის სიხარულს თან ახლავს ქართველების, ერთმანეთთან შეხვედრის სიხარული. ეს შეხვედრები კი ფიზიკურად და სულიერად აძლიერებს და ანუგეშებს თითოეულ აქ მყოფს.

- ზოგადად, თუ ახერხებენ მარხვის შენახვას, ამბობენ აღსარებას და ეზიარებიან?

- რა თქმა უნდა, ეზიარებიან და არა მარტო აღდგომას, ემიგრაციაში ყოფნა, არ ნიშნავს სხვანაირ ქრისტიანობას. წესი და განგება ყველასთვის ერთია! მარხულობენ, ლოცვებსაც სისტემატურად კითხულობენ, აღსარებასაც აბარებენ და ყოველკვირეულად ეზიარებიან. მთავარი ადამიანის მონდომებაა და მას ყველგან მოხედავს უფალი, რომელიც ამბობს, - კაცთაგან შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელ არსო. მთავარია, მოინდომოს ადამიანმა და მარხვის შენახვა ალბათ არ არის ძნელი, თუკი მას შეგნებულად უფლის სადიდებლად აკეთებ. პირიქით, სიყვარულით განცდილი სიძნელეები მორწმუნესათვის სასიამოვნოც კი არის, რადგან სიყვარულის მადლი სასიამოვნოს ხდის უფლისთვის განცდილ დასათმენის დათმენას.

- სააღდგომო ლიტანიობაზე, აღდგომის ღამეს ბევრი მორწმუნე მოდის?

- მადლობა უფალს, მოდის ხალხი. მოდიან მთელი წლის განმავლობაში. მოდიან შეძლებისდაგვარად, არასდროს ივიწყებენ უფალს და ეკლესიას.

ამერიკაში განსაკუთრებულად შეიგრძნობა დროის ფასი. აქ უქმად მყოფ ადამიანს ვერ ნახავთ. ცხოვრება ძალიან დინამიკურია და ჩქარ ტემპში მიდის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მრევლის წევრები ყოველ საეკლესიო წესსა და განგებას იცავენ.

- ასევე საინტერესოა ამ დღეებში ამერიკაში არსებული მართლმადიდებლური მონასტრის ცხოვრებაც...

- მართლმადიდებლობა, როგორც მოგახსენეთ, საყოველთაო რელიგიაა და შესაბამისად, ერთიან ტიპიკონურ, ანუ საწესო განჩინებაზეა მოწყობილი და აგებული. ამიტომ ის ამერიკაში იქნება, საქართველოში, თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ერთნაირად, ერთიანი წესით მიმდინარეობს. ახლა ვნების შვიდეულის მძიმე კვირაა და მონასტრებშიც ასევე სრულდება ვნების შვიდეულის მსახურებები. მოიხსენებენ ქრისტეს ვნებებს. აქაური ღვთისმსახურებისთვისაც იგივე წიგნები გამოიყენება, რაც ჩვეულებრივ ქართულ ეკლესიაში. ყველა წიგნი აქვთ ნათარგმნი ინგლისურ ენაზე და იგი იმ ენაზე შესრულებული, რითაც საუბრობენ. ამიტომ მრევლისთვის უფრო გასაგებია საკითხავები. ასე რომ, სხვაობა საეკლესიო და საერო წიგნების ენაში არ არის.

- ანუ გულისხმობთ მანდ არსებულ წმინდა ნინოს სახელობის მონასტერს, ხომ?

- დიახ.

- პირადად თქვენ როგორი გეგმა გაქვთ? სად იქნებით აღდგომის ღამეს, - ალბათ წირვაზე...

-აუცილებლად წირვაზე. მე ვაშინგტონის წმიდა თამარის სახელობის სამრევლო ტაძრის წინამძღვარი ვარ და შესაბამისად, იქ ვატარებ ყოველ მსახურებას.

ვინაიდან ამჟამად მერილენდის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ვცხოვრობ, შაბათობით აქაც ვმონაწილეობ მსახურებაში. წირვის საკითხავები და გალობების საკმაო ნაწილი ქართულ ენაზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მონასტრის წევრები ამერიკელი მართლმადიდებლები არიან, მათ იციან ქართული საგალობლები და ლოცვებიც.

გილოცავთ თქვენ და ყველა მართლმადიდებელს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ესე არს დღე, რომელი ქმნა უფალმა, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამ დღესა შინა.

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად აღსდგა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია