შალვა აბულაძესთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა. მისივე განმარტებით, გამოძიება და აბულაძის ძებნის სამუშაოები გრძელდება.
"გამოძიების დეტალებში ვერ ჩავალ, ამიტომაც შალვა აბულაძესთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით. გამოძიება და მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს. თუ რაიმე ახალი იქნება, მას საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამასთან, შს მინისტრმა კომენტარი გააკეთა მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებითაც, რომლის მიხედვითაც პოლიციელის სოციალური დახმარება სამხედრო პირთა სოციალურ დახმარებას გაუტოლდება და 100 ათასი ლარი გახდება. შს მინისტრი აღნიშნულს მიესალმა.
"მხარს ვუჭერ და მოხარული ვარ ამ ინიციატივით. ეს ადამიანები იბრძვიან თავისი ქვეყნისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ომში დაიღუპები თუ ქუჩაში კრიმინალთან ბრძოლაში. ასე რომ, მე მხარს ვუჭერ ამ წინადადებას", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.