"პალიტრა L"-ის პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში ქართულ ენაზე თარგმნილმა ბესტსელერმა, ჯეიმზ დაშნერის "ცეცხლით გამოცდამ" ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ბიბლუსი გალერეაში" ახალგაზრდების რიგი დააყენა.
პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში 8 აპრილს "ბიბლუსის გალერეაში" მოსულ ახალგაზრდებს ჯეიმზ დაშნერის "ცეცხლით გამოცდის" შეძენა, 12 ლარის ნაცვლად, 3 ლარად შეეძლოთ.
წიგნის შესაძენად აქციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე რიგში ასეულობით მოზარდი იდგა. "ცეცხლით გამოცდის" შეძენის მსურველები საბოლოოდ იმდენად ბევრნი აღმოჩნდნენ, რომ "ბიბლუსი გალერეის" დაცვას უსაფრთხოების გაძლიერებული ნორმების მიღება მოუხდა.
წიგნის შეძენის მსურველთა რიგში განსაკუთრებით ახალგაზრდები ჭარბობენ, რომლებიც ამბობენ, რომ LiberTeens-ის აქციის მუდმივი მომხმარებლები არიან.
თიკა, 15 წლის:
"ძალიან მიყვარს ჯეიმზ დაშნერი და მისი თითქმის ყველა წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა, წაკითხული მაქვს. მე პროექტ LiberTeens-ის ფარგლებში გამართულ სხვა აქციებშიც მიმიღია მონაწილეობა და ძალიან გახარებული ვარ, რომ დღეს ერთ-ერთი პირველი მყიდველი ვარ".
აქცია, რომელიც მხოლოდ ერთი საათი უნდა გაგრძელებულიყო, საბოლოოდ დანიშნულ ვადებს გადასცდა და თითქმის ნახევარი საათით გახანგრძლივდა. "პალიტრა L"-ის წარმომადგენლობის თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს, რათა წიგნის ყიდვა ადგილზე მყოფ ყველა მსურველს შეძლებოდა შეღავათაინ ფასად.
წიგნი პროექტის LiberTeens-ის ფარგლებში გამოიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერებმა ეს და სხვა ნაწარმოებები, რომელიც მოგვიანებით გამოვა, თავად შეარჩიეს. "შენი თაობის არჩევანი" - ასეთია სლოგანი, რომელიც LiberTeens-ის წევრ მოზარდებს აერთიანებს.
LiberTeens-ის წევრების თქმით, მომავალი წიგნი რომელსაც თინეიჯერი მკითხველები უნდა ელოდონ, ავსტრალიელი მწერლის მარკუს სუზაკის "წიგნის ქურდი" იქნება.
პროექტის პირველი წიგნი ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" გაყიდვაში დეკემბრის თვეში გამოვიდა და უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა. პირველ დღეს აქციაზე წიგნის შესაძენად რიგში 1000-მდე ადამიანი მოთმინებით ელოდა მსოფლიო ბესტსელერს. მეორე წიგნის "თუ დავრჩების" აქციის დღეს მაღაზიასთან მოსული მკითხველის რაოდენობამ კი თითქმის 1500 მიაღწია. მესამე წიგნი ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" ასეთივე წარმატებული იყო და ათასზე მეტი მკითხველი მიიყვანა მაღაზიაში პირველივე დღეს.
თბილისის გარდა, პროექტ ლიბერთინსის ფარგლებში გამოცემული ჯეიმზ დაშნერის "ცეცხლით გამოცდის" ყიდვა 8 აპრილს აქციის ფარგლებში პირველად შესაძლებელი იყო ბათუმშიც, მემედ აბაშიძის 62 ნომერში.
ჯონი პატარკაციშვილი