"არანაირი ჭრილობა არ ჰქონდა, ერთი ნაკაწრიც კი, მაგრამ გაზით მოწამლული სახეზე ისეთი შეშუპებული იყო, რომ ვერ ვიცანით..."
"აზას ნიჩაბი საფეთქელთან მოხვედრია, სულ გატეხილი ჰქონდა საფეთქლის ძვალი, ადგილზევე გარდაცვლილა..."
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 26 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. მართალია, საბჭოთა პროპაგანდა მიზანმიმართულად ცდილობდა სიცრუის გავრცელებას, თითქოს იმ ღამით მანიფესტანტები რუსის არმიამ კი არ აჩეხა, არამედ მიტინგზე წარმოქმნილ ჭყლეტაში მოჰყვნენ, თუმცა, მსოფლიომ სიმართლე მეორე დღესვე შეიტყო და ყველასთვის ცნობილი გახდა, 9 აპრილს საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე, სასაკლაო როგორ მოაწყო. ამ ბარბაროსობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ასობით მოიწამლა, დაშავდა და დასახიჩრდა. 9 აპრილის ღამეს გარდაცვლილთა შორის იყვნენ: ფეხმძიმე ელისო ჭიპაშვილი, არასრულწლოვანი გოგონები: ეკა ბეჟანიშვილი, თამარ ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი...
ეს მხოლოდ 21 ადამიანის ოჯახების ტრაგედია არ ყოფილა, 9 აპრილი მთელი ერის ტრაგედიაა.
დაღუპულთა ოჯახებისთვის ამ ტრაგედიაზე ლაპარაკი მტკივნეულია, მათთან საუბრისას რწმუნდები, რომ დრო მკურნალი სულაც არ ყოფილა და მათ იარებს ხოლო ყოველი 9 აპრილის დადგომა აახლებს…
"კვირის პალიტრამ" კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი უახლოეს სისხლიან წარსულს და 9 აპრილს დაღუპულ 22 წლის აზა ადამიას, 29 წლის ნატო გიორგაძის და 25 ნინო თოიძის ოჯახის წევრებს ესაუბრა.
ქეთი, ნინო თოიძის და:
- ჩემი და საოცარი ადამიანი იყო, ძალიან ჭკვიანი. ჯერ კიდევ ბავშვი იმისთანა რამეს გვეტყოდა, რომ გაოცებულები ვუსმენდით. მე-6 კლასში იყო, როცა ოჯახს გამოგვიცხადა, ჩემი სახელი უკვდავი უნდა იყოსო. რას წარმოვიდგენდით, რომ წლების შემდეგ ეს სიტყვები ახდებოდა... ნინო სტუდენტი იყო, ის და აზა კურსელები იყვნენ, იმ წელს ამთავრებდნენ. მანამდე რუსეთში სწავლობდა და ბოლო კრუსზე იყო, როცა საქართველოში გადმოვიდა სასწავლებლად... მიტინგებში თავიდანვე მონაწილეობდა, მეგობრებთან ერთად ყოველდღე იქ იყო. იმ დღეს, როცა ეს უბედურება მოხდა, დილით ამდგარა და ბიძაშვილისთვის უთქვამს, საშინელი სიზმარი ვნახე და დღეს მიტინგზე არ წავალო. თუმცა, საღამოსკენ აზამ დაურეკა და ჩქარა წამოდი, მიტინგზე რა ხდება ნახეო და გაქცეულა, აღარც ის საშინელი სიზმარი გახსენებია…
არავინ ელოდა, რომ მშვიდობიან აქციას ასე სასტიკად თუ დაშლიდნენ. როცა უკვე ცხადი გახდა, რომ არმია მათ გადაუვლიდა, თავს უშველეს და გაიქცნენ... უცებ, ნინოს უკან მიუხედავს და წაქცეული აზა დაუნახავს, რომელსაც რუსის ჯარისკაცი უმოწყალოდ უსწორდებოდა, საშველად მივარდა, უნდოდა წამოეყენებინა, მაგრამ... ნინო მეგობარს ზედ დააკლეს. ნიჩაბი კეფაში ჰქონდა მოხვედრილი. ფუძის ძვალი გატეხილი ჰქონდა, საავადმყოფოში როცა მიიყვანეს ჯერ კიდევ სუნთქავდა, მაგრამ ექიმების ცდა ამაო გამოდგა... 9 აპრილმა რა როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში? ეს თქვენ უნდა თქვათ, თუ რამე შეასრულა. ამ დღის შემდეგ ჩვენი ოჯახი ამოწყდა. დედამ თავის მოკვლა სამჯერ სცადა, ნინოს საფლავზე ათენებდ-აღამებდა. იქაურობას არ სცილდებოდა... ლოგინად ჩავარდა და აღარც ამდგარა, მალე მამაც მიჰყვა... ნინო გვეუბნებოდა თუ სამშობლოს დასჭირდება ჩემი სიცოცხლე, აუცილებლად შევეწირებიო. აკი, შესწირა კიდეც...