როგორ ემზადებიან ცნობილები სააღდგომოდ და ვის რა ტრადიცია აქვს

როგორ ემზადებიან ცნობილები სააღდგომოდ და ვის რა ტრადიცია აქვს

ჩვენში ქრისტეს აღდგომა ყველასთვის საყვარელი დღესასწაულია, რისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებიან. ვეცადეთ, რამდენიმე ცნობილ ადამიანს შევხმიანებოდით და შეგვეტყო მათი სააღდგომო სამზადისისა და ტრადიციების შესახებ.

ნინი წიკლაური, მომღერალი:

- ჩემთვის ყველაზე დიდი დღესასწაულია, ამის მერეა ახალი წელი, ამიტომაც განსაკუთრებულად მწამს და მჯერა უფლის აღდგომის. ვიღაცები სურვილებს ახალი წლის ღამეს უთქვამენ, მე ამას აღდგომას ვაკეთებ. ჩემთვის ახალი წლის ათვლა აქედან იწყება და შესაბამისად ამ დღესასწაულისთვის ყველაზე მეტად ვემზადები, - ვღებავ კვერცხებს, მანამდე, ჯეჯილს ვთესავ. მაგ დროს ჩემთან რომ მოხვიდეთ, მთელი სახლი ჯეჯილით არის მორთული, ყველა ფანჯრის რაფა, მაგიდა სავსეა ბიბინა ჯეჯილით. კვერცხის ღებვაში ჩემი ოჯახის წევრები - ბებო და დაც მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი ოჯახი არ გვაქვს, მაინც უამრავ კვერცხს ვღებავთ, რომ გავცეთ ხოლმე. ამასთან, გარდაცვლილებიც გვყავს და მათ საფლავებზე გვიწევს მიტანა.

რაც შეეხება პასკას, არ ვაცხობ. ვიცი, რომ საკმაოდ რთული საქმეა. მეგობრების დედები, ვისაც ეს საქმე კარგად გამოსდის, ამბობენ, რომ განსაკუთრებული მაშინ ცხვება, თუ მომზადების პროცესში მუდმივად ლოცულობ. ამიტომ პასკის გამოცხობას ჯერჯერობით ხელს ვერ ვკიდებ და ვყიდულობ მხოლოდ ასეთი წესით გამომცხვარს. ხშირად გვჩუქნიან.

- ლიტანიობას ესწრები?

- კი, მივდივარ ტაძარში, ხშირ შემთხვევაში, ვეზიარები კიდეც. ახლაც ამისთვის ვემზადები. მე სამების საკათედრო ტაძრის მრევლი ვარ, მამა თეიმურაზია ჩემი მოძღვარი.

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:

- ამ დროის აღქმა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა საქართველოში საბჭოთა ეპოქა ირღვეოდა და რელიგია შეზღუდვებს აღარ უჩიოდა. ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით დედაჩემი და ბებიაჩემი, ძალიან მორწმუნე ხალხი გახლდათ (ბებია ახლი გარდაცვლილია) და შესაბამისად, ყველა რიტუალს ზედმიწევნით იცავდნენ. მეც ამ რიტუალის ნაწილი ვიყავი - ღამისთევებით, პასკების და წითელი კვერცხების მოლოდინით და ა.შ.

სააღდგომოდ და მიცვალებულთა დღეს როგორც წესი, ოზურგეთში ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ჩასვლას ვერ ვახერხებ, თან, წითელ პარასკევს ჩემი დაბადების დღე ემთხვევა და ამ დროს განმარტოება მირჩევნია. რაც შეეხება სარიტუალო საკვებს - წითელ კვერცხებსა და პასკას - სახლიდან გამომიგზავნიან.

განო მელითაური, რეჟისორი:

- მე და კოტეს და საერთოდ მთელ ჩვენს ოჯახს, ძალიან გვიყვარს ეს დღესასწაული. მაგ პერიოდში ჩვენს ემოციებს ვერაფერს შევადრი. სულ ვცდილობთ, რომ ტრადიციები არ დავარღვიოთ, მაგრამ წელს ისე დაემთხვა, რომ კოტეს გარეშე მოგვიწევს აღდგომის ღამის შეხვედრა, რადგანაც გადაღებაზე უცხოეთში მიემგზავრება, თუმცა 14-ში ჩამოფრინდება. მოკლედ, მე ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად ვიქნები.

აღდგომას ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს. სულ მგონია, რომ იმ ღამეს საოცრება მოხდება, რაღაც ახალი იმედებით და ემოციებით ვეგებებით. რაც შეეხება სამზადისს, ამ დღესასწაულისთვის გამორჩეულად ემზადება ჩვენი გოგონა - ტასო. სამი წლიდან ჩართულია კვერცხების შეღებვის რიტუალში. ცხადია, კვერცხებს ენდროთი წითელ პარასკევს ვღებავთ, მაგრამ ფერად-ფერადი ორნამენტებიანი კვერცხებიც გვაქვს ხოლმე და იმ საღებავებს მე და ტასო მანამდე საგულდაგულოდ ვარჩევთ. ჯეჯილსაც ვთესავთ, მაგრამ წელს გადატვირთული ვიყავი და რაღაც ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ, ტასოს მასწავლებელმა აჩუქა... ჯეჯილს აუცილებლად კვერცხებით გავაფორმებთ. საღამოს ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად ეკლესიაში ლიტანიობაზე წავალ, კვირა დღეს კი მე და მეგობარმა ასე გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებს დავუთმოთ. საღამოს კი მეგობრები ერთად შევიკრიბებით, სადაც ტასოსაც წავიყვან, რადგანაც უკვე ჩემზე მატად იპრანჭება და ჩემს მეგობრებთან თავს კომფორტულად გრძნობს. თარაში კი ჯერ პატარაა და იმედი გვაქვს, რომ წელს მაინც, კვერცხების შეღებვას დაგვაცლის, შარშან ეს რიტუალი ლამის ჩაგვიშალა. ნახევარი კვერცხები დაგვიმტვრია. ხელებს აპარტყუნებდა. რაც მთავარია, ბავშვებს ეს ყველაფერი უხარიათ.

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი:

- ამ დღისთვის ყველაფერს დედაჩემი აკეთებს და მე და ჩემს დას სააღდგომო ამანათს გვიგზავნის თავისი კვერცხებით, ჯეჯილითა და პასკით. მისი მოწოდებული პასკები უგემრიელესია. მგონი, ჩემს დასთან ერთად აცხობს... რა ვქნა, ცუდის გაკეთებას, ჯობია დედამ მომიტანოს. ცხობა არ მეხერხება. თან, ჯერჯერობით ვირუსით ვწევარ სახლში და თუ მანამდე გამოვჯანმრთელდი, ეკლესიაში აუცილებლად წავალ, რადგანაც ჯადოსნური ღამეა. რელიგიური დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად ქრისტეს შობა და აღდგომა მიყვარს.

მამუკა ლომაშვილი, პაროდისტი:

- ვნების კვირას უპირველესად ჩემი მიცვალებულების საფლავებზე მივდივარ, ვასუფთავებ და ვაწესრიგებ იქაურობას. ვნების კვირეულშივე ვცდილობ, ხშირად მივიდე ეკლესიაში და წირვა-ლოცვას დავესწრო....

სააღდგომო პასკას დედაჩემი აცხობს, კვერცხებსაც ის ღებავს. აღდგომის ღამეს ეკლესიაში მივდივარ და სადღესასწაულო განწყობას ვიქმნი. ტელეფონით ვაგზავნი უამრავ მილოცვას და ასევე ვიღებ. ორშაბათს კი აუცილებლად მიცვალებულების საფლავზე გავდივარ. რაც მთავარია, ვუყურებ ფილმს იესოს ცხოვრებაზე... ალბათ მეც ისეთივე ტრადიციები მაქვს, როგორც ყველა ქრისტიანს, არაფრით გამორჩეული.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია