გიორგი მარგველაშვილი რომის პაპს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი რომის პაპს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვატიკანში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დღეს, მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა. საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის სამოციქულო სასახლის San Damaso-ს ეზოში, ვატიკანის ტრადიციისამებრ შვეიცარიული გვარდიის თანხლებით, რომის პაპის სახლის პრეფექტი არქიეპისკოპოსი გეორგ გენსუენი მიესალმა. სახელმწიფოს მეთაურისა და მისი უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკეს პირისპირ შეხვედრა პაპის პირად ბიბლიოთეკაში გაიმართა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს. მათივე განმარტებით, აღინიშნა, რომ წმინდა საყდარი როგორც წარსულში, დღესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერია, რაც საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

ამასთან, ხაზი გაესვა მშვიდობის მნიშვნელობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში. აღინიშნა, რომ 21-ე საუკუნეში დაუშვებელია არსებობდეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები და გამყოფი ხაზები, ასევე ჰუმანიტარული და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს როლს თანამედროვე სამყაროში.

"საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან. განსაკუთრებით იქნა წარმოჩენილი ჩვენი ქვეყნის, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში და ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც საქართველოს საუკუნეებიის განმავლობაში ჰქონდა, როგორც ცივილიზაციათა და კულტურათა შორის დიალოგის ადგილს. განხილულ იქნა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომელშიც შეიძლება საქართველომ მიიღოს ვატიკანის მხარდაჭერა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.

აუდიენციის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს პირველი ლედი და ქართული დელეგაციის წევრები წარუდგინა, რის შემდეგაც საჩუქრების გაცვლის ცერემონიალი გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა მის უწმინდესობას მცხეთის ჯვრის მონასტრის ამაღლების ბარელიეფის ასლი გადასცა. თავის მხრივ რომის პაპმა ფრანცისკემ სახელმწიფოს მეთაურს წმინდა მარტინის ქვაზე გამოკვეთილი სკულპტურა უსახსოვრა და აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნო და სიმბოლურია ეს საჩუქარი გადასცეს პრეზიდენტს, როგორც საკუთარ ხალხზე მზრუნველსა და დამცველს.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილეს მონსინიორ ანტუან კამილიერის და სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია არაღიარების პოლიტიკის, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად კულტურული ღონისძიების ფარგლებში ვატიკანის მუზეუმსაც დაათვალიერებენ.

საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ გრძელიძე, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი კარლო ცქიტიშვილი და ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თინათინ მჟავანაძე.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."