ადვოკატი - შალვა აბულაძეს სტრესული მდგომარეობის გამო ჩვენება ჯერ არ მიუცია, თუმცა, წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება

ადვოკატი - შალვა აბულაძეს სტრესული მდგომარეობის გამო ჩვენება ჯერ არ მიუცია, თუმცა, წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე სტრესული მდგომარეობის გამო ჩვენების მიცემაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს, თუმცა, წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ აბულაძის ადვოკატმა, თამარ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება, თუმცა, რაიმე ზეწოლაზე სამართალდამცველების მხრიდან მას არ უსაუბრია.

"ვერ იხსენებს სად მიიღო დაზიანებები. ვარაუდობს, რომ თავის არეში არსებული დაზიანებები დაკავების დროს აქვს მიღებული", - განაცხადა თამარ გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება ჩვენების მიცემას, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე ფსიქოლოგიურ-ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება და აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. "სტრესული მდგომარეობის გამო ჩვენება ჯერჯერობით შალვა აბულაძეს არ მიუცია და მოგვიანებით მისცემს, თუმცა წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, შს სამინისტროს განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალის დაზუსტება მოხდა და ასევე ორი მკვლელობის საქმე ერთ საქმედ გაერთიანდა.

"შალვა აბულაძეს წადგენილი ჰქონდა 109-ე მუხლი, მოხდა ბრალის დაზუსტება და აღნიშნული მუხლი შეიცვალა 353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. დღეს ორი მკვლელობის საქმე გაერთიანდა და ერთ საქმედ გარდაიქმნა, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში სხდომა სავარაუდოდ ხვალ ჩატარდება, განაცხადა თამარ გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, ის, რომ პროცესი ხვალ გაიმართება, მისთვის ცნობილია, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული დრო, თუ როდის ჩატარდება საქალაქო სასამართლოში სხდომა, არ იცის.

"აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით პროცესი აუცილებლად ჩატარდება. შალვა აბულაძეს ბორჯომის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. ხვალინდელ პროცესზე კი პროკურატურა მოითხოვს აღნიშნული პატიმრობის ძალაში დატოვებას. კონკრეტული დრო, თუ როდის ჩატარდება სხდომა, ჯერ ჩვენთვის უცნობია", - განაცხადა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ