როდესაც მითხრეს, კოტე თოლორდავა გარდაიცვალაო, არ დავიჯერე. ვიღაცის მორიგი ბოროტი ინტერნეტხუმრობა მეგონა. სულ რამდენიმე დღის წინ შემხვდა "პალიტრამედიის" ოფისში, მხიარული, სიცოცხლით სავსე იყო. ნეტავი მართლაც ბოროტი ხუმრობა ყოფილიყო და არა ტრაგიკული რეალობა.
ბოლო წლებში კოტე თოლორდავა განსაკუთრებით პოპულარული მსახიობი გახდა. თავად კი იმით ამაყობდა, რომ ილია ჭავჭავაძის როლის შესრულების პატივი ერგო. კოტე თოლორდავა "პალიტრა TV-ს ერთ-ერთი გამორჩეული წამყვანიც იყო. მას მეუღლესთან, განო მელითაურთან ერთად, გადაცემა - "შუადღის ამბებით განო და კოტე", თავისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი სტილით მიჰყავდა. ბოლო გადაცემა რამდენიმე დღის წინ ჩაწერა და მოსკოვში ფილმის გადაღებებზე გაემგზავრა. საქართველოში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო, კვირის ბოლოს კი ჩვენს გუნდთან ერთად, "კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილე უნდა ეზეიმა, თუმცა სამწუხაროდ, 11 აპრილს ის მოსკოვში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
"კვირის პალიტრა" კოტე თოლორდავას სიმამრს, კახა მელითაურს დაუკავშირდა:
- როგორც გვითხრეს, წინაღამეს, გადამღებ ჯგუფთან ერთად რესტორანში ღამის 12-საათამდე ბევრი უმღერია და კარგ ხასიათზეც ყოფილა. სასტუმროს ნომერში კი პირველის ნახევრისთვის ასულა. მეორე დღეს, გადასაღებ მოედანზე რომ არ გამოჩნდა, მოიკითხეს და...