ბოლო 7 წელიწადში ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა
საქართველოში ავტომობლების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 1 მილიონს გადააჭარბა. 2014 წლის მდგომარეობით, მათი რიცხვი 960 000-ს შეადგენდა. გამოდის, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს მანქანა ჰყავს და 1 ოჯახში, მინიმუმ 1 მანქანა მაინც არის.
3 წლის წინათ საქართველოს მასშტაბით 806 000 ავტომობლი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2011 წელს მათი რაოდენობა 745 000-ს არ აღემატებოდა. 2012 წლიდან მოყოლებული, ავტომობილების შეძენის მსურველების რაოდენობამ ქვეყანაში 6%-ით მოიმატა. 2010 წელს საქართველოში 693 ათასი მანქანა მოძრაობდა, ხოლო 2009 წელს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 603 ათასს არ აჭარბებდა, ხოლო 2007 წელს 517 ათასს არ აღემატებოდა.
სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევით, რომელიც შსს-მ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ ჩაატარა და 2012 წლის მდგომარეობას ასახავს, ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენდა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული, თუმცა იზრდება 3 წლამდე ასაკის ავტო-მოტო ტრანსპორტის რაოდენობა.
არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო 7 წელიწადში ნახევარი მილიონი ავტომობილით არის გაზრდილი. მანქანების რაოდენობა ძველი ავტომობილების ხარჯზე მატულობს. საერთო რაოდენობიდან 380 000 მანქანა 20 წელზე მეტი ხნისაა, ხოლო ახალი 3 წლამდე ავტმობილის რიცხვი 50 000-ს არ აღემატება.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ მანქანების რაოდენობის ზრდა არასწორი პოლიტიკის შედეგია. ქვეყანამ ალტერნატიულ საშუალებებს უნა მიმართოს, კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი, რაც მისი ვარაუდით, ქვეყანაში კერძო ავტომობილებზე მოთხოვნას საგრძნობლად შეამცირებს.
მესხიშვილის აზრით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ქაოტურად იზრდება და ხელისუფლება ვერანაირ რეგულაციას ვერ აწესებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. "ავტომობილების მზარდი ტემპი, ერთი შეხედვით, შესაძლოა, კარგი იყოს, მაგრამ რეალურად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. საქართველოში ავტომობილს ყიდულობს ყველა, სჭირდება თუ არ სჭირდება. ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასწორად ვითარდება. ავტომობილების რაოდენობის შესამცირებლად ბელგიის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უფასო ბილეთები დაურიგა. შედეგედ მიიღო ის, რომ ათასობით მანქანა გაჩერდა" - აცხადებს მესხიშვილი.