"ნიჭიერის" გამარჯვებულები, ქეთი ზაზანაშვილი და თემო არაბიძე მოღვაწეობას წარმატებით აგრძელებენ. წყვილი რამდენიმე დღის წინ ყაზახეთიდან დაბრუნდა, სადაც ყაზახეთის ღია ჩემპიონატზე მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ყაზახეთის კონკურსის და შთაბეჭდილებების შესახებ თემო და ქეთი Ambebi.ge-ს მკითხველს თავად უამბობენ.
- ეს იყო ყაზახეთის ღია ჩემპიონატი, სადაც მსოფლიო ჩემპიონი მაქსიმ სედაკოვიც იღებდა მონაწილეობას. ჩემპიონატზე ყაზახეთის პარაოლიმპიურმა კომიტეტმა მიგვიწვია მე და ქეთი. ჩვენმა წყვილმა "ნიჭიერის" ფინალური ცეკვა შეასრულა. დატვირთულად ვმუშაობდით, ვმეცადინეობდით. იმედი მქონდა ათეულში მოვხვდებოდი, მაგრამ მეორე ადგილზე გასვლას ნამდვილად არ ველოდი. ეს იყო ჩვენი შექმნილი ცეკვა. ამ შეჯიბრმა ნიჭიერის ფინალი უფრო მყარი გახადა, ქართველი ხალხის არჩევანი ჭეშმარიტი აღმოჩნდა. მადლობა ჩემს ქვეყანას და ქართველ ერს. პირველად მივიღე მონაწილეობა ჩემპიონატში, როგორც პარასპორტსმენმა.
- იცოდნენ ყაზახებმა თქვენი წარმატების შესახებ?
- დიახ, იცოდნენ და უფრო მაგიტომაც დაგვიკავშირდნენ, რადგან ყველა ქვეყანას ჰყავს პარამოცეკვავე, საქართველოს არ ჰყავდა დღემდე და ჩვენ ვართ პირველი წყვილი საქართველოში. 40 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა კონკურსში მონაწილეობას: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი. ჟიურის ყველა წარმომადგენელს მოვეწონეთ, ცეკვით კმაყოფილი დარჩნენ, რადგანაც მსგავსი ცეკვა არ ქონდათ ნანახი. მსოფლიო ჩემპიონი მაქსიმ სედაკოვი, რომელიც იყო პეტერბურგიდან, შოკში ჩავარდა ამ ნომრის ნახვით, მახსოვს ეს მომენტი. დაჯილდოვების წინ მაქსიმი გვეუბნებოდა, თქვენ გეკუთვნით პირველი ადგილი, მაგრამ ეს იყო პირველი გამოსვლა და ერთსა და იმავე კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის წინ არავინ გაგვიშვებდა, მაქსიმი ჩემი შესაძლებლობით აღფთოვანებული იყო, შემიძლია თამამად ვთქვა, მაგარი ადამიანია. ბოლოს მაქსიმმა მთხოვა, შევჯიბრებოდით ერთმანეთს ერთი-ერთში, ეს იყო დამეგობრების ცეკვა მე და მაქსიმს შორის, რომელიც მეორე მედლით დასრულდა.
- ვინ დაგეხმარათ გამგზავრებაში?
- პარაოლიმპიური კომიტეტი, რომელმაც ყველანაირი ხარჯი გაიღო ჩვენთვის, მადლობა მინდა გადავუხადო - გიორგი წასიძე, ლევან ოდიშარია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი გულბანი, ასევე ყველა ამ გუნდის წევრს. შემოთავაზებების რიგი დადგა, მაგრამ სამუშაო გვაქვს ბევრი, ტრენინგები და კიდევ უფრო განსხვავებული ეტლი გვჭირდება. იმედია, მალე ყველაფერი განხორციელდება, როგორც პარაოლიმპიურმა კომიტეტმა გვითხრა.
- სანდრა რულოვსმა მოგილოცათ გამარჯვება?
- ეს ისეთი შეკითხვაა, აი, მაგალითად ოჯახის წევრმა თუ მომილოცა?! რა თქმა უნდა, პირველი ოჯახის წევრი გილოცავს და შემდეგ ყველა სხვა ადამიანი, რომელსაც გაუხარდა ჩემი წარმატება.
Ambebi.ge თემოს მეწყვილეს, მოცეკვავე ქეთი ზაზანაშვილს დაუკავშირდა.
- ჩემთვის მოულოდნელი იყო ამ კონკურსზე მიწვევა. ორი კვირით ადრე დაგვიკავშირდნენ, ვიფიქრე ვერ წავიდოდით, რადგან სახსრები არ გვქონდა, მაგრამ პარაოლიმპიური კომიტეტი დაგვიდგა გვერდით და მათი დაფინანსებით გავემგზავრეთ კონკურსზე. ეს კონკურსი იმით იყო გამორჩეული, რომ პირველი კონკურსი იყო, სადაც საქართველოდან ეტლით მოსარგებლე კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, მნიშვნელოვანი იყო წარმატებულად გამოსვლა, რადგან პირველი შთაბეჭდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დროს.
- რა სირთულეებს წააწყდით?
- განსაკუთრებული სირთულეები არ ყოფილა. დამღლელი და ინტენსიური დღეები იყო, მაგრამ ეს ჩვენს ნომერზე არ ასახულა. მე და თემო თავდაპირველად როგორც წყვილი, ისე დაგვპატიჟეს, მაგრამ შემდეგ კონკურსებზე სხვების წარდგენაც გვინდა.
- ელოდი მეორე ადგილზე გასვლას?
- არ ვიცოდი, რა დონე იყო საჭირო ამ კონკურსზე, რადგან ახალი წყვილი ვართ. არ ველოდი ასეთ შედეგს, მაგრამ ორგანიზატორებმა დაგვარწმუნეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც ძლიერი კონკურსანტები ვიქნებით. თავად გვითხრა მსოფლიო ჩემპიონმა, რომ ასეთი ნომერი არასდროს მინახავს და გაოგნებული ვარ, თქვენ თუ ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებთ, დიდი მომავალი გექნებათო. მიწვევები მივიღეთ ჩინეთში და რუსეთში. ჩემი სურვილია რამდენიმე ეტლით მოსარგებლე მოცეკვავე აღვზარდო საქართველოში და თუ ეს მოხერხდა, ყველაფერს გავაკეთებ, სახსრები მოვიპოვო და წარმატებებს მივაღწიოთ სხვადასხვა ქვეყნებში.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE