პატიმარი ექიმს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს - ინტერვიუ #18 სამკურნალო დაწესებულებიდან

პატიმარი ექიმს უმძიმეს ბრალდებებს უყენებს - ინტერვიუ #18 სამკურნალო დაწესებულებიდან

Ambebi.ge-ს ციხის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან პატიმარი ბ.გ დაუკავშირდა, რომელიც  ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოს ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად, თავს გაუსაძლისად გრძნობს. "ვაპირებ შიმშილობა დავიწყო. ინვალიდის ეტლში და პამპერსში მოვკვდები თუ შიმშილით, ჩემთვის რა აზრი აქვს", - ამბობს პატიმარი.

Ambebi.ge-სთან საუბარში პატიმარი აცხადებს, რომ ყველა შესაბამის უწყებას მიმართა განცხადებით, თუმცა სრულფასოვან სამედიცინო დახმარებას და მედიკამენტებს ვერ იღებს.

28 წლის ბ.გ ყოფილი ხელისუფლების პირობებშიც იყო დაპატიმრებული და ახალი ხელისუფლების მოსვლას "სამართლიანობის აღდგენის იმედით ხვდებოდა". პატიმრის თქმით, მისთვის არაფერი შეცვლილა, რადგან კლინიკაში ყურადღებას არც ახლა აქცევენ პატიმრებს და მხოლოდ ვიზუალურად შეიცვალა სამკურნალო დაწესებულების კედლები. პატიმარი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში უროლოგს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი არასწორი მკურნალობის შედეგად ახლა პამპერსი სჭირდება.

"უროლოგის არასწორი მკურნალობის შედეგად პამპერსი მჭირდება. წამლებს, რომელიც მეკუთვნის, არ მაძლევენ დროულად და ვყიდულობ მე. პამპერსსაც კი უხარისხოს მაძლევდნენ სანამ არ დავემუქრე, რომ საჩივარს დავწერდი. აქ არიან მსჯავრდებულები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ სამედიცინო კუთხით ძალიან ცუდი ვითარებაა. ლამაზი კედლები და რბილი საწოლი გვაქვს, მაგრამ შესაბამისი მკურნალობა - არა. ერთადერთი – დღეში 8 ამპულა გამაყუჩებელს გვიკეთებენ, მეტს არაფერს მიტარებენ.

ექიმი, რომელმაც ამ მდგომარეობაში ჩამაყენა, მოსვლასაც კი არ კადრულობს. როდესაც გამირთულდა მდგომარეობა და მისი მოსვლა მოვითხოვე, მითხრეს, ეს ექიმი აქ არ არსებობსო. თვალის ექიმი დამჭირდა და არ ჰყავთ. გამაყუჩებლის გარდა არაფერს გვაძლევენ და ამაზე რეაგირება მოახდინონ შესაბამისმა ორგანოებმა.

განცხადებები უკვე გავაგზავნე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ეკა ბესელიასთან, გენინსპექციაში და თეა წულუკიანთან, პრეზიდენტთან და სახალხო დამცველთან, - შემოვიდნენ და ნახონ, რა მდგომარეობაში ვართ. 14 დაავადება მაქვს, დამიდონ ბოლო 6 თვის განმავლობაში რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ერთზე მაინც მიმკურნალეს. ვთხოვ, რომ უროლოგიის ცენტრში გამიყვანონ და მეუბნებიან, ვერ გაგიყვანთო. იმიტომ არ მივყავარ, რომ უროლოგი იჭყლიტება მერე, რაც ამათ არ უნდათ.

უნდა დადგეს უროლოგის პასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი პაციენტი დაღუპა. პირდაპირი გაგებით ყასაბია და მუშაობს რეჟიმის დროიდან, როდესაც ხალხს აწამებდნენ. უნდა შეისწავლონ ამ ადამიანის მოქმედება. რამდენი პაციენტი ჰყავს დაზარალებული და რამდენი უჩივის.

რატომ ვარ მე პამპერსში? – იმიტომ რომ მან რაღაც წამალი დამინიშნა, რამაც უკუშედეგი გამოიწვია, მაგრამ არ შემიწყვიტა და კიდევ დამინიშნა მეორე წამალი, რომელიც არ უნდა დანიშნულიყო იმ დროს. ალბათ, სახლში ეჩქარებოდა და თავიდან მომიშორა. ეს ორი წამალი ერთმანეთთან შევიდა რეაქციაში და მივიღე ასეთი შედეგი", - ამბობს პატიმარი Ambebi.ge-სთან საუბარში.

ის ასევე საუბრობს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ჰიგიენური პრობლემების თაობაზეც.

"თეთრეულის გარეცხვა კვირაში ერთხელ გვეკუთვნის და ძლივს ვარეცხინებთ სამ კვირაში ერთხელ", - ამბობს პატიმარი.

ჩვენ დავუკავშირდით სასჯელაღსრულების სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ პატიმრის მიერ, გენინსპექციაში შესულ განცხადებაზე მოკვლევა დაწყებულია.  ასევე, უწყებაში განმარტეს, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას უწევენ პატიმრებს.

"21 აპრილს გენინსპექციაში შემოვიდა პატიმრის განცხადება. 22 აპრილს კი, დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება აღნიშნული განცხადების საფუძველზე. სამედიცინო დეპარტამენტიდან გენერალურმა ინსპექციამ გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია და მიმდინარეობს შესწავლა. რაიმე დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეაგირება.

მსჯავრდებული ბ.გ. სასჯელაღსრულების N18 დაწესებულების ხანგრძლივი მოვლის განყოფილებაში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ბ.გ.-ს ჩატარებული აქვს სხვადასხვა დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური. უტარდება ძვირადღირებული მკურნალობა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზადაა, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს", - აცხადებენ გიორგი მღებრიშვილის უწყებაში.

ხათუნა გაგნიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია