საკრედიტო ტერორი - "ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს"

საკრედიტო ტერორი - "ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს"

მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში კომერციული ბანკების ვადაგადაცილებული სესხები 10,9 მლნ ლარით გაიზარდა და მარტის მონაცემებით, 305,6 მლნ ლარს გაუტოლდა. პრობლემური სესხების პორტფელის ზრდა, სხვა გარემოებებთან ერთად, ლარის გაუფასურებამაც განაპირობა, რამაც დოლარში აღებული სესხების დაფარვა გაართულა.

რაც უფრო იზრდება ბანკების პრობლემური სესხების პორტფელი, მით უფრო აქტიურდებიან კომპანიები, რომელთა დახმარებით ბანკები ურჩი კლიენტებისგან დავალიანების ამოღებას ცდილობენ. ეს ძველი ხერხია - სანამ წყლის ან დასუფთავების გადაუხდელობისთვის აბონენტისთვის დენის გათიშვა არ შემოიღეს, საშუამავლო ფირმებს "შემშინებლად" კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებიც იყენებდნენ. მაგალითად, ურჩ აბონენტებს შპს "საფინანსო-საკრედიტო ბიუროდან" ურეკავდნენ და დავალიანების დაფარვას მკაცრად სთხოვდნენ. ეს კომპანია, რომელსაც, სხვათა შორის, შევარდნაძის დროინდელი პოლიციელი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა, ბანკებისა და კერძო პირების დავალიანებების ამოღებაზეც მუშაობდა. წლების წინ თუ ასეთი კომპანიები თითზე ჩამოსათვლელი იყო, ბოლო დროს ისინი ძალიან მომრავლდა, რაც მოთხოვნის ზრდას ადასტურებს. მათი შემოსავალი თანამშრომლების მარიფათსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული - რაც მეტ ადამიანს აიძუ¬ლებენ დავალიანების გადახდას, მით მეტ შემოსავალს მიიღებენ. შესაბამისად, შემოსავლის მისაღებად "სესხის ამომღები" ფირმები ყველა შესაძლო ხერხს მიმართავენ, მუქარისა და დაშინების ჩათვლით.

მარინა ლობჟანიძე: "ჩემი შვილი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა, 450 ლარი ჰქონდა ხელფასი და ბანკმა მას საკრედიტო ბარათი მისცა, იმდენივე თანხის ლიმიტით. ყოველთვიურ შენატანს დროულად იხდიდა და ბანკმა საკრედიტო ბარათის ლიმიტი 2 ათას ლარამდე გაზარდა. ეს თანხა გახარჯა, ხოლო ხელფასის სიმცირის გამო ყოველთვიურად გაზრდილი ძირისა და პროცენტის გადახდა ვეღარ შეძლო. დაგროვდა ჯარიმები, საურავები და 2-ათასლარიანმა დავალიანებამ 5 ათასს გადააჭარბა. 2 ათასს ვერ ვიხდიდით და 5 ათასს როგორ გადავიხდიდით?! ჯერ ბანკიდან გვირეკავდნენ და ითხოვდნენ დავალიანების სასწრაფოდ დაფარვას, შემდეგ კი საქმეში საშუამავლო კომპანია ჩაერთო. ჩემს შვილს რომ ვერ უკავშირდებოდნენ, მე და ჩემს მეუღლეს გვირეკავდნენ და გვემუქრებოდნენ, რომ თუ ჩემი შვილის ვალს არ გადავიხდიდით, ყველაფერს გაგვიყიდდნენ. ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქციეს. ამ მდგომარეობისგან თავის დასაღწევად ბანკს შევთავაზეთ, რომ თვეში 100 ლარს შევიტანდით, მაგრამ არ დაგვთანხმდა: აზრი არა აქვს, ასე დარიცხულ პროცენტსაც ვერ დაფარავთო. ისიც კი შევთავაზეთ, რომ სასამართლოსთვის მიემართათ, ოღონდ კი ეს შუამავალი კომპანია შეგვშვებოდა, მაგრამ არც ამაზე დაგვთანხმდნენ. მოკლედ, 4 წელია, ამ მდგომარეობაში ვართ. ზოგჯერ დღეში 2 ლარი გვაქვს თავის გასატანად და ძალიანაც რომ გვინდოდეს, ჩვენი შვილის ვალს ვერ გადავიხდით. ფსიქოლოგიური წნეხი კი გრძელდება".

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია