არსებობს თუ არა დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილსა და კახი კალაძეს შორის, ამ თემაზე ბოლო პერიოდში ქართული მედია ხშირად საუბრობს. საკითხზე, რომელიც ქვეყნის ბევრი მოქალაქის ლეგიტიმურ ინტერესს იწვევს, დღეს კალაძემ მედიასთან ღიად ისაუბრა. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ მასსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება არ არსებობს, და რომ ეს უბრალოდ მათი ოპონენტების სურვილია. ამასთან კალაძე აღნიშნავს, რომ არ განიხილება მთავრობის მეთაურად სხვა კანდიდატურა ღარიბაშვილის გარდა.
"მე არანაირი დაპირისპირება არ მქონია და არ მაქვს არც ირაკლი ღარიბაშვილთან, არც ლევან ყიფიანთან. მე ძალიან კარგად მესმის, გარკვეულ ჯგუფებს, ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, რომ იყოს დაპირისპირება გუნდში, იყოს დაპირისპირება პრემიერ-მინისტრსა და ვიცე პრემიერს შორის, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და არ იქნება. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას რაც შეეხება, ჩვენ გვყავს პრემიერმინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.