"შესაძლოა, ამაზე უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ" - ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას მოქალაქეები სამთავრობო კრიზისზე

"შესაძლოა, ამაზე უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ" - ვის აკისრებენ პასუხისმგებლობას მოქალაქეები სამთავრობო კრიზისზე

მთავრობაში შეიცვალა მე-7 მინისტრი, ანუ მინისტრთა კაბინეტის 1/3. საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობას საკანონმდებლო ორგანომ ხელახალი ნდობა უნდა გამოუცხადოს.

მინისტრები წავიდნენ, ლარი ცუდ დღეშია, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი ძალებს იკრებს... რას ფიქრობენ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე ჩვენი ქვეყნის ცნობილი თუ უცნობი მოქალაქეები, ანუ ვის ეკისრება ასეთ დროს პასუხისმგებლობა?!

გიორგი მეგრელიშვილი, მსახიობი:

- როგორც მოქალაქე, ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი ცუდია არა მარტო ჩემთვის, არამედ, ყველასთვის. ანუ ვრჩებით უპატრონოდ?! რაღაც ხომ გვჭირდება? ადამიანებმა ხომ უნდა იზრუნონ ჩვენზე? თუ არა?! თუ თავად ვიზრუნოთ?! იქნებ შევენაცვლოთ ხოლმე ამ მინისტრებს და ერთი კვირა ჩვენ ვიყოთ ხოლმე?! იქნებ ვიღაცას რაღაც გამოგვივიდეს?!

ისე, კი ყოველი პოლიტიკური ნაბიჯის უკან, ყოველთვის რაღაც იმალება. ამ გადადგომებით რაღაც უფრო დიდის გადაფარვა ხომ არ ხდება, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ეს სულ სხვა პოლიტიკური ნაბიჯია, რამაც შეიძლება უკეთესობიკენ წაგვიყვანოს?! საერთოდ, ყოველთვის ამის იმედი მაქვს, მაგრამ ბოლო დროს  ასეთი ლოგიკა ჩამომიყალიბდა, - სიმკაცრე საჭიროა სახელმწიფოში, მაგრამ არა სისატიკე. თუ ეს სიმკაცრე პროფესიონალების ხელში იქნება, როგორც ყველა მოწინავე და პროგრესულ სახელმწიფოში ხდება, ჩვენც ისე ვიცხოვრებთ. თუმცა ჩვენთან სისასტიკემ წლების წინ სხვა შედეგები გამოიღო...

- ამჯერადაც ხედავ სისასტიკის ელემენტებს?

- არა, რადგანაც მაინც ყოველთვის უკეთესის მოლოდინში ვარ ხოლმე, მით უფრო, რომ ამ გადაადგილებების მიღმა, კულისებში რა ხდება, რა იმალება, არ ვიცით, რადგანაც უბრალო მოქალაქეები და მოკვდავები ვართ.

- არ ვიცით, მაგრამ ზედაპირულად რაც ჩანს, როგორც მოქალაქეებს, იმის შეფასება ხომ შეგვიძლია? ერთი მინისტრი იმიტომ გადაგა, რომ თურმე, ცოლ-შვილი მოენატრა.

- არის რაღაც ამაში რომანტიკული (იცინის), როცა ცოლ-შვილი გენატრება. ე.ი. ხალხზე ხარ დამოკიდებული, - აბა, რისთვის დაგნიშნეს მინისტრად?! მაგრამ ერთ კვირაში ცოლი-შვილი რომ მოგენატრა, ცოტა უცნაურია. მეც მენატრება ბევრი ადამიანი, მაგრამ არსად გავრბივარ. პროფესიონალური სიმკაცრე და არა სისასტიკე, გაწონასწორება და ხალხზე ფიქრია საჭირო.

ბექა მშვილდაძე, ოპერატორი:

- ძალიან არ მომწონს, რაც ხდება. ეს მხოლოდ ერთი მინისტრის ბრალი არ არის. მაგალითად, ხადურის. მიმაჩნია, რომ მთლიანად მთავრობაშია რაღაც პრობლემა. როგორც გავიგე, ეჭვების დონეზე, თანხები იჭრებოდა... ან ის არგუმენტი რა იყო, ერთ-ერთ მინისტრს ცოლ-შვილი რომ მოენატრა და წავიდა. მგონი, პირველკლასელ ბავშვსაც რომ უთხრა ეს, არ დაიჯერებს.

ცუდია, რომ ხელფასს ლარში ვიღებთ და ეს ეროვნული ვალუტა, ასე განადგურდა. არ ვიცი, რას ფიქრობენ...

- ამ სიტუაციაში ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

- პრემიერ-მინისტრს. მისი ბრალია ეს ყველაფერი. ჯერ ის ვერ გაიყვეს, - პრეზიდენტი უნდა იყოს სასახლეში თუ პრემიერი? მხოლოდ გადადგომაც არ შველის ამ ყველაფერს. რაღაც ეკონომიკური ცვლილება უნდა მოახდინონ. თუ არადა, გამოდის, პასუხისმგებლობას თავიდან იცილებენ. საქმის პროფესიონალური კეთება სხვა რამ არის.

ნინო წულუკიძე, ჟურნალისტი:

- ლევან ყიფიანის ნაბიჯი, ჩემი აზრით, უფრო გააზრებული იყო. იცოდა, მისი წასვლით, მთელი მინისტრთა კაბინეტი რომ შეიცვლებოდა. არ ვიცი, ეს ყველაფერი რა პროცესებამდე მივა. შესაძლოა, ამაზე უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

არ მესმის, რატომ ვერ ხვდებიან თვითონ ამ მძიმე ვითარებას, ან კონკრეტულად, დოლარის გაძვირება სადამდე მივა. კი ვხვდები, რაც ხდება, - ამ ყველაფერს სპეციალურად, ჩრდილოვანი ეკონომიკის ასაყვავებლად აკეთებენ, როგორც ეს ედუარდ შევარდნაძის პერიოდში იყო. როგორც ვიცით, ასეთ დროს შავი ბიზნესი ზეიმობს და ვაიმილიარდერები, მეტ ფულს შოულობენ. მეეჭვება, რომ ამდენი არ ესმოდეთ.

ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობა კულისებში ვინც დგას, იმას ეკისრება, რადგანაც ეს მთავრობა არის აბსოლუტურად უუნარო და მას შეჰყურებს. ივანიშვილმა მაშინვე დაამტკიცა, რომ მთავრობიდან წასვლით, თვითონ იღებდა პასუხისმგებლობას. საოცარ აფსურდის თეატარში ვართ.

მარიკა დარჩია, მენეჯერი:

- მგონია, რომ მოქალაქეებისთვის სტაბილურობის გრძნობა არის დიდი რამ. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას პასუხისმგებლობა ეკისრება და მოქალაქე სტაბილურად გრძნობს თავს, ანუ იცი, რომ არჩევნებში იღებ მონაწილეობას, ეს შენი პასუხისმგებლობაა, ირჩევ ხელისუფლებას, ხელისუფლება ირჩევს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამ დროს ყველა აკეთებს თავის საქმეს, მაგრამ ამ საქმის კეთებისთვის გჭირდება რაღაც გარკვეული ნიადაგი, რომელზეც უნდა იარო. არადა, ეს ნიადაგი სამწუხაროდ, სულ რყევაშია. მაგალითად, როცა ვიღაცას შეუძლია თქვას, რომ აღარ უნდა მინისტრობა და მიდის... ეს ყველაფერი კი ჩემს ქვეყანაში რაღაც გარკვეული ძვრაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე მოქმედებს და ამიტომაც ვართ პოლიტიკურად ასეთი აქტიურები. სამწუხაროდ, ეს ჩვენი საზოგადოების ავადმყოფობაა. ამის ბრალი კი სწორედ ის არის, რომ გარშემო მუდმივად ყველაფერი ირყევა.

- პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?

- მათ, ვინც მიდის და მათაც, ვინც ისინი აირჩია ამ თანამდებობაზე. აბა, ჩვენ მხოლოდ პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევანში ვმონაწილეობთ.

ცოტა ყურადღებით უნდა იყვნენ და მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ...

მეტი ინფორმაციისთვის| საქართველოს მთავრობა დაიშალა: როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები კონსტიტუციის მიხედვით

ყველა დეტალი თეგზე #სამთავრობო ცვლილებები

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია