"ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შანსი აფრიკელი ბავშვების გაუპატიურების საქმესთან ნულთან მიახლოებულია" - ჩიორა თაქთაქიშვილი ამაზრზენ დანაშაულზე

"ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შანსი აფრიკელი ბავშვების გაუპატიურების საქმესთან ნულთან მიახლოებულია" - ჩიორა თაქთაქიშვილი ამაზრზენ დანაშაულზე

30 აპრილს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართველი და ფრანგი ჯარისკაცები ცენტრალურ აფრიკაში გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილები. მომხდარს საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე ჩიორა თაქთაქიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც შემთხვევა ქართული ჯარის დისკრედიტაციად მიიჩნია:

"გაოგნებული ვარ ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი ჯარისკაცების მიმართ არსებული სექსუალური ძალადობის ბრალდებების ქართველებზე გადმობრალებით!

ელემენტარული ღია წყაროების გადამოწმებითაც კი ცხადია, რომ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შანსი ამ ამაზრზენ დანაშაულში ნულთან მიახლოებულია. საფრანგეთის ოფიციალური მხარეც ადასტურებს, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ. მაშინ, რატომ ვიგებთ ამ ინფორმაციას იმ რაკურსით, რაც მხოლოდ ქართული ჯარის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად?

რამდენიმე ფაქტი ინტერნეტიდან, რაც ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში მოვიძიე:

1. The guardian, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია, საერთოდ არ საუბრობს ქართველ ჯარისკაცებზე.

2. არც Libération, არც Le Monde და არც ბევრი სხვა კვალიფიციური ფრანგული გამოცემა არ ახსენებს ქართველებს, ისინი მხოლოდ 14 ფრანგი ჯარისკაცის წინააღმდეგ გამოძიებაზე საუბრობენ.

3. ეს ბრალდებები ეხება 2013 წლის დეკემბერი - 2014 წლის ივნისის პერიოდს, ქართველი ჯარისკაცების სამშვიდობო მისია კი 2014 წლის მეორე ნახევარში ჩავიდა აფრიკაში.

4. ქართველების შესაძლო მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყაროა Franceinfo-ზე გასული აუდიო მასალა, სადაც ანონიმური ქალი ამბობს, რომ "ფრანგები და ქართველები ბავშვებზე სექსუალურად ძალადობნენო". ასეთი ზოგადი ბრალდება არ შეიძლება გახდეს არც ზოგადად და არც რომელიმე კონკრეტული ქართველი ჯარისკაცის დამნაშავეებად შერაცხვის საფუძველი.

მაშინ მიჩნდება კითხვები:

რატომ შუქდება ეს თემა ამ ფორმით ქართულ მედიაში? აშკარაა, რომ აუდიტორიას სერიოზული ეჭვი გაუჩნდა ქართველი ჯარისკაცების მიმართ.

რატომ არ ეყრდნობიან ისინი პირველწყაროებს? რუსული საიტებიდან ხომ არ იგებენ ინფორმაციას სწორედ ასეთი რაკურსით, რომლის მიზანი ქართული ჯარის დისკრედიტაციაა?

შედეგი? იმერლიშვილი ამბობს, გამოძიებაში ჩავერთვებითო! ანუ, დაასკვნა, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს უკვე გამოძიების დასაწყებად? მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ქართველ ჯარისჯაცზე არ არსებობს არავითარი მტკიცებულება?

მოვითხოვ, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების სათანადო ადვოკატებით უზრუნველყოფის ხარჯები, თუკი მათ მიმართ დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები" - წერს თაქთაქიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ იმ პერიოდში, რა პერიოდიც სახელდება დანაშაულის ჩადენის თარიღად, ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ.

"95 პროცენტით ეჭვი მეპარება, რომ ქართველმა სამხედროებმა ცენტრალურ აფრიკაში დანაშაული ჩაიდინეს", - აღნიშნა კაპანაძემ.

ასევე, დღეს სატელევიზიო გამოსვლის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

მეტი ინფორმაციისთვის| ფრანსუა ოლანდი - თუკი რომელიმე სამხედრო არასათანადოდ მოიქცა, სამაგალითოდ დაისჯება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია