პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს ამირან გიგუაშვილს ვესაუბრებით.
- ბატონო ამირან, ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური თემა პრეზიდენტ მარგველაშვილის საპრეზიდენტო სასახლეში ყოფნის ლეგიტიმურობაა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს თამაშის წესები, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს, მათ შორის პრეზიდენტი. თავად პრეზიდენტი მარგველაშვილი აცხდებს, რომ ეს საკითხი მისი და ყოფილი პრემიერის პირადი დაპირისპირების გაგრძელებაა, რადგან იგი არ დათანხმდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის ნების მორჩილი აღმსრულებელი. ამით პრეზიდენტმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ქვეყანაში მართლაც არსებობს გარკვეული წესები, რომელსაც ყველაზე ავტორიტეტული მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი ადგენს და იგი ამ წესების დაუმორჩილებლობის გამო არის შერისხული. თქვენ რამდენად დამაჯერებელად გეჩვენებათ პრეზიდენტის ეს ვერსია, თუ საქმე მართლაც კვადრატულ მეტრებსა და საბიუჯეტო სახსრების დაზოგვაშია, რაზეც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს აქცენტს?
- როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე საქმე გვაქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ, არაპროპორციულ ხარჯვასთან. როდესაც ვხედავთ, რომ კვლავაც ხდება უზარმაზარი პრემიების თუ სახელფასო დანამატების გაცემა საჯარო სამსახურებში, როდესაც არსებობს ეჭვები სახელმწიფო ტენდერების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ცხადია ძალიან რთულია ამ ფონზე დავიჯეროთ, რომ საქმე მხოლოდ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ჭარბად ათვისებულ თუ აუთვისებელ კვადრატულ მეტრებშია. რეალურად ვის აინტერესებს დღეს ეს საკითხი? თუ ის ადამიანები, ვისაც დღეს პრეზიდენტ მარგველაშვილის საპრეზიდენტო სასახლეში ცხოვრება მიაჩნიათ მთავარ პრობლემად, გამოვლენ საკუთარი კაბინეტებიდან და ქუჩაში ხალხს შეეკითხებიან რა არის მათთვის მთავარი პრობლემა, აღმოაჩენენ, რომ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს სად ცხოვრობს და სად მუშაობს პრეზიდენტი მარგველაშვილი. ადამიანებს დღეს გაზრდილი საბანკო პროცენტები, გაუფასურებული ლარი, პროდუქტებზე გაძვირებული ფასები და უმუშევრობა აინტერესებთ.
რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმის ჭარბ ნდობას, ნუ დაგვავიწყდება, რომ საზოგადოებრივი ნდობა ისეთი საეჭვო კრედიტია, რომელიც შეიძლება მოულოდნელად თვალსა და ხელს შუა გაქრეს. ასე, რომ მე ასეთი თამამი ვერ ვიქნებოდი ამ თვალსაზრისით, თუმცა ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ საკმარისზე დიდი რესურსი აქვს საზოგადოებრივი პროცესების მართვისათვის და იგი თავისი განცხადებებით თუ ქმედებებით სწორედაც ადგენს თამაშის წესებს ამ ქვეყანაში. რაც ჯანსაღი პროცესი ცხადია რომ არ არის, რადგან ქვეყანაში თამაშის წესებს უნდა ადგენდეს კონსტიტუცია და არა რომელიმე, თუნდაც ყველაზე ავტორიტეტული მოქალაქე.