თბილისში პნევმოკოკით 2 ადამიანი გარდაიცვალა - როგორ ვებრძოლოთ ინფექციას და რამდენად უსაფრთხოა ვაქცინაცია

თბილისში პნევმოკოკით 2 ადამიანი გარდაიცვალა - როგორ ვებრძოლოთ ინფექციას და რამდენად უსაფრთხოა ვაქცინაცია

რამდენიმე დღის წინ თბილისში პნევმოკოკის შემთხვევები დაფიქსირდა და აქედან ორი ლეტალობით დასრულდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი საბავშვო ბაღის აღმზრდელი იყო, რის გამოც ბაღში ყველა ბავშვს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა პნევმოკოკური ინფექციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მისი გამომწვევია ბაქტერია შტრეპტოცოცცუს პნეუმონია და ყველაზე გავრცელებული კლინიკური გამოვლინება პნევმოკოკური პნევმონიაა. ფილტვების ანთების გარდა, პნევმოკოკი ხშირად იწვევს მენინგიტს, ბაქტერიემიას, სეპტიცემიას, შუაყურის ინფექციას, სინუსიტსა და ბრონქიტს.

ინფორმაცია უდავოდ სასარგებლოა და მოსახლეობაც საქმის კურსში უნდა იყოს, რასთან აქვს საქმე, მაგრამ საკითხავია, რამდენად გვაქვს შეშფოთების საფუძველი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ პნევმოკოკური ბაქტერიებით მოზრდილი ადამიანების გარდაცვალების 2 შემთხვევა, უკვე ლაბორატორილუად დადასტურდა.

როგორც ირკვევა, ჯანმრთელი ადამიანების 70 პროცენტის ცხვირსა და ხახაში ბინადრობს პნევმოკოკი, რომელიც გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე ახლო კონტაქტისას, წვეთოვანი გზით. ხოლო პნევმოკოკური დაავადების განვითარებისა და ლეტალური გამოსავლის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან 5 წლამდე, განსაკუთრებით კი ორ წლამდე ბავშვები და ხანდაზმულები.

სხვა რისკჯგუფებია ბავშვები და მოზრდილები, რომელთაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ღვიძლის ციროზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰოჯკინის (ლიმფოგრანულომატოზი) დაავადება, სპლენექტომია, ნამგლისებური ანემია, ონკოჰემატოლოგიური დაავადებები; ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილები, აივ-ინფიცირებულები, ალკოჰოლდამოკიდებული პირები, მწეველები, 65 წელზე უფროსი ასაკის პირები. რაც შეეხება პრევენციას, რისკის შემცირება შეიძლება ხელის ხშირი დაბანით; მხოლოდ ძუძუთი კვებით, პირველი 6 თვის განმავლობაში; სახლის პირობებში ჰაერის დაბინძურების შემცირებით; სიმპტომების შესაბამისი მკურნალობით, საუკეთესო პრვენეცია კი ვაქცინაციაა.

"ვერსიამ" კომენტარისთვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელს, პაატა იმნაძეს მიმართა:

- ბატონო პაატა, პნევმოკოკური ინფექციის რამდენი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული?

- ჩვეულებრივ, წელიწადში 10-12 შემთხვევა ფიქსირდება და ძირითადად, ესაა პნევმოკოკური ბაქტერიის მიერ გამოწვეული მენინგიტები. როდესაც ინფექცია გადადის სისხლში, ასეთი ფორმები იშვიათია, ხოლო ინფექცია ძირითადად ბავშვებში გვხვდება, იშვიათად დიდებშიც. წელს სეპტიცემიის ორი შემთხვევა იყო და დადასტურებულია მენინგიტის შემთხვევაც.

- ყოველწლიური მაჩენებლის მიუხედავად, ახლა უფრო მეტი პანიკაა, რატომ?

- იმიტომ, რომ ერთ კვირაში დაფიქსირდა ორი ფატალური შემთხვევა, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია ქალაქში.

- მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით. საქართველოს მოსახლეობისთვის თუა გათვალისწინებული აცრები?

- ძირითადად, ეს ბავშვების დაავადებაა და ამიტომ, გასული წლის ბოლოდან 2 თვიდან ბავშვებისთვის გეგმურ აცრებში ჩავრთეთ, რომელიც წლამდე სამჯერ მეორდება. არის სხვა ვაქცინა, რომელიც მოზრდილებში გამოიყენება, კომერციულ სტრუქტურებს ჩამოაქვთ და რისკჯგუფებს შეუძლიათ აიცრან.

- მოზრდილებისთვის აცრა ფასიანია?

- რა თქმა უნდა, თუმცა ფასი არ ვიცი, სამწუხაროდ.

- რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინები?

- აბსოლუტურად გამორიცხულია, უხარისხო ვაქცინა შემოვიდეს. ჩვენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შემოგვაქვს, რომელსაც განვითარებული ქვეყნები აწარმოებენ.

- თქვენ თუ ურჩევდით მოსახლეობას, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია?

- ეს ბაქტერია ყველას გვაქვს ცხვირ-ხახაში და არაფერს გვიშავებს, მხოლოდ ერთეულები ავადდებიან, კონკრეტულად ვინ იქნება, ამის გათვლა ძალიან ძნელია, თუმცა ევროპის რიგ ქვეყნებში რისკჯგუფებს ურჩევენ, რომ აიცრან.

- გამოდის, მოზრდილებისთვის აცრასაც არ ჰქონია აზრი. პანიკის საფუძველი არ გვაქვს?

- პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს... მესმის, ორი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ წელიწადში 2 შემთხვევა გვაქვს ფატალური.

თამარ ლომსაძე, გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია