კახეთში მსოფლიო რბენა მიმდინარეობს

კახეთში მსოფლიო რბენა მიმდინარეობს

ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში 3 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით უკვე მეორედ იმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, 3 მაისს ასიათასობით ადამიანი 33 ქვეყნიდან კვლავ გაერთიანდა იმისთვის, რომ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი გახდეს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიო რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში უკვე 5000 ადამიანია დარეგისტრირებული, აქედან 600-ზე მეტი უცხოელი 35 სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეობის საფასური 20 ლარს შეადგენს.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ხაზის ნაცვლად იქნება სპეციალური "ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს. დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ ინდივიდუალურ სანომრე ნიშანს, რომელსაც დაიმაგრებენ მაისურზე, შედეგების კონტროლი ხორციელდება ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან. ყოველ მე-5 კმ-ზე განთავსებული იქნება გამაგრილებელი პუნქტები წყლით და ხილით. მორბენალს, რომელიც შეჯიბრებას გამოეთიშება, უკან, სტარტზე სპეციალური ავტობუსი დააბრუნებს.

მსოფლიო რბენის შედეგად გამოვლინდება 2 გამარჯვებული - ერთი ქალი და ერთი მამაკაცი. მათ შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ 2016 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევენ. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს შეგროვებული თანხის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

2014 წლის მსოფლიო რბენის შედეგად საქართველოდან ფონდში 100 000 ლარი გადაირიცხა (60 000 ლარი რეგისტრაციებიდან და 40 000 ლარი სპონსორინგიდან), ხოლო მსოფლიოს ყველა რბენიდან სრულად 3 მილიონი ევრო შევიდა, რაც სხვადასხვა კვლევების დაფინანსებას მოხმარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია